გაეროს მისია სირიაში იმედისმომცემად გამოიყურება

მცირე კონტინგენტიანი დამკვირვებელთა მისია ვრცელი რადიუსის კონფლიქტის მონიტორინგს ცდილობს. გასულ თვეში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად სირიის ქალაქებში - ჰომსი, ჰამა და დამასკო - ძალადობა ისევ გრძელდება.

გაეროს მისიას წარუმატებლობა ბევრმა ანალიტიკოსმა უწინასწარმეტყველა. პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად გაეროს მისიის ხელმძღვანელი გენერალი რობერტ მუდი ფრთხილ, მაგრამ იმედისმომცემ განცხადებებს აკეთებს. გენერლის თქმით, რამდენიმე „საკმაოდ კონკრეტულ, სპეციფიურ შედეგს“ მისიამ ადგილზე მაინც მიაღწია:

სიტუაციაზე დამამშვიდებელი ზემოქმედება მოვახდინეთ. დაბომბვების ინტენსიურობა საგრძნობლად შემცირდა. მნიშვნელოვნად იკლო სროლებმაც“.

მისიის ჩამოსვლის დღეს დაკავებულ პოზიციებთან შედარებით ორივე მხარემ დამკვირვებელთა რჩევით აშკარად უკან დაიხია, აღნიშნავს გენერალი მუდი. თუმცა იმასაც ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ რამდენიმე ათეული შეუიარაღებელი დამკვირვებლით გაეროს მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის განხორციელება შესაძლოა შეფერხდეს და სიტუაცია რეგრესისკენ ძალიან სწრაფად შეტრიალდეს.

„ჩვენ ახლა ძალზე სპეციფიურ გეგმაზე ვმუშაობთ. ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე მივდივართ იქ, სადაც ადრე შეტაკებები მიმდინარეობდა და ვამოწმებთ, რომ მიღწეული შეთანხმება არ დაირღვეს. არც 12, არც 24 საათში და არც ორი დღის შემდეგ“.

წარმოშობით ნორვეგიელ რობერტ მუდს მუშაობა ექსტრემალურ სიტუაციაში უწევს. მისი მოვალეობაა აკონტროლოს ძალადობა ქვეყანაში, სადაც იარაღის რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ მატულობს კიდეც. ოპოზიციური ფრთა კიდევ უფრო მეტ შეიარაღებას მოითხოვს, რადგან სირიის ხელისუფლებას რუსეთი იარაღით ჯერ კიდევ ეხმარება. გენერალი მუდის თქმით, არსებული რეალობის გაუთვალისწინებლობა შეცდომა იქნება.

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ვისაც კი შევხვედრივარ ჩემი უფლებამოსილების გამო, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მათ გაეროს დესპანის, კოფი ანანის მიერ შემუშავებული 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის დაცვა სურთ. მათ შორის თავისუფალი სირიის არმიის წარმომადგენლებიც არიან და ადგილობრივი საკოორდინაციო კომიტეტის წევრებიც.

გასაგებია, რომ არსებობენ სხვა ინტერესების და მიზნების მქონე ჯგუფები, რომლებიც სულ სხვა იდეების მატარებლები არიან. თუმცა, საბოლოო ჯამში ყველა თანხმდება იმაზე, რომ ჯერჯერობით კოფი ანანის გეგმის ღირსეული ალტერნატივა ბუნებაში არ არსებობს. მოკლედ რომ შევაჯამო, ეს შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი გახლავთ“- განმარტავს გაეროს მისიის ხელმძღვანელი.

მოვლენების განვითარებას რეგიონში ახლახან მოულოდნელი მიმართულება მიეცა. იქ ჯიჰადისტური ჯგუფები გამოჩნდნენ, ისეთები, როგორიცაა ჯაბჰატ ალ-ნუსრა და რომლებიც ზოგიერთ შეტევაზე უკვე პასუხისმგებლობას იღებენ. სირიის ხელისუფლება დიდი ხანია პოპულარულ ამბოხს უცხოელ ტერორისტებს აბრალებს.

გენერალი მუდი ამბობს, რომ მსგავსი ჯგუფების მოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებები მათ არ გააჩნიათ, თუმცა მათ შესახებ რამდენიმე წყაროდან სმენია. საშიშროება, თუკი ასეთი არსებობს, შესაძლოა პირიქით, საერთო ენის გამონახვისთვის გამოვიყენოთ, აღნიშნავს ის.

„ანალოგიური შეტყობინება პოლიტიკური სპექტრის მრავალი წარმომადგენლისგან ჩვენც მივიღეთ. თბილ, სტუმართმოყვარე და ამაყ სირიელებს არ სურთ საკუთარი ბედი ქვეყნის გარეთ არსებულმა დაჯგუფებებმა გადაწყვიტონ და საკუთარი მიზნების და ამბიციების შესაბამისად გამოიყენონ“.

იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ათწლეულის მანძილზე გაძლიერებულ ავტოკრატიულ ხელისუფლებას და საკმაოდ შეიარაღებულ ოპოზიციას შორის უზარმაზარი უფსკრული არსებობს, რობერტ მუდი, რომელიც სირიაში გაეროს წინა მისიასაც ხელმძღვანელობდა, თვლის, რომ სიტუაცია მაინც იმედისმომცემია, თუმცა - არამყარი. „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ორივე მხარე დარწმუნდა, რომ ასე სიტუაციის გაგრძელება არ შეიძლება. პოლიტიკური ნების არარსებობის შემთხვევაში ალტერნატივა კიდევ უფრო მეტი ძალადობა, უფრო მეტი სისხლი და უდანაშაულო ხალხის, სირიელი ბავშვების დაღუპვაა“ - აღნიშნავს გენერალი.

მაგრამ იმასაც დასძენს, რომ ჯერჯერობით დაბეჯითებით არაფრის მტკიცება არ შეიძლება. არსებული რეალობის ზედმეტად ოპტიმისტურად შეფასება და სასურველ რეალობად აღქმა თავის მოტყუება და კომპლექსური სიტუაციის სრული იგნორირება იქნებოდა, ამბობს გაეროს მისიის ხელმძღვანელი სირიაში.