სირია შესაძლოა ნავთობის კრიზისის ფონზე რუსეთზე დამოკიდებული გახდეს

ივლისის დასაწყისში ირანული ტანკერი „გრეის 1“ გიბრალტარის მთავრობამ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-სასაზღვრო ფლოტის დახმარებით დააკავა. ისინი მიიჩნევენ, რომ ირანული ტანკერი ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არღვევდა და ნავთობი სირიაში მიჰქონდა. ირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა. გასულ კვირას კი ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ირანის ხომალდებმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობის ტანკერის „გავლის შეფერხება“ სცადა. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტში სამი ირანული ხომალდი მონაწილეობდა და მხოლოდ ბრიტანული სამხედრო ხომალდიდან მიღებული გაფრთხილების შემდეგ დაიხიეს უკან. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ბრიტანეთის ბრალდება უარყო.

მოვლენების ამგვარმა განვითარებამ, ანალიტიკოსებისა და დიპლომატების აზრით, შესაძლოა სხვა ძვრები გამოიწვიოს, მაგალითად, სირიას უბიძგოს რუსეთს მიმართოს საწვავის პრობლემების მოსაგვარებლად. ეს კი, მათი თქმით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის მოსკოვზე და ნაკლები შესაძლებლობა დარჩება იმისა, რომ მან რუსეთის მოთხოვნებს წინააღმდეგობა გაუწიოს.

კრემლი სირიის რვაწლიან ომში სამხედრო ჩარევითა და ასადის რეჟიმის მხარდაჭერით ისედაც ცდილობდა გეო-სტრატეგიული და ბიზნეს უპირატესობების მოპოვებას.

ტანკერ "გრეისთან" დაკავშირებულმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ნავთობის ირანიდან სირიაში გადაზიდვის რისკები. ამან კი თავის მხრივ კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა სირიას, რომელიც ისედაც კრიზისშია საწვავთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ამერიკის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლებამ და გამკაცრებამ სირიაზე, როგორც ირანის მოკავშირეზეც მოახდინა გავლენა.

ბრიტანული მხარე შაბათს აცხადებდა, რომ "გრეის 1"-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაათავისუფლებს, თუ თეირანი პირობას დადებს, რომ ის ტანკერს სირიისკენ სვლას არ გააგრძელებინებს.

წელს საწვავის ფასი სირიაში გასამმაგდა, ქვეყნის მცხოვრებლებს კვირაში 20 ლიტრზე მეტის შეძენის უფლება არ აქვთ. საწვავის კრიზისი სირიაში კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ირანმა ძლიერ შემცირებული ტარიფით მათთვის ნავთობის მიყიდვა შეწყვიტა და სანაცვლოდ სრული საბაზრო ღირებულების გადახდა მოითხოვა. ასადის მთავრობისთვის კი ეს არც ისე იოლი საქმეა. მაშინაც კი, როდესაც ირანული ნავთობი ქვეყანაში შედის, ხელისუფლების სხვა გამოწვევა ნავთობსადენებზე თავდასხმებია.

22 ივნისს ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა ის მილსადენები დააზიანა, რომელიც ტანკერებიდან ბენიას ნავთობგადამამუშავაბელი პუნქტისკენ ნედლი ნავთობის გასატარებლად გამოიყენებოდა. ამან ნავთობის დაღვრაც გამოიწვია.

სირიის "ნავთობის ტრანსპორტირების კომპანიის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ ეს საბოტაჟი იყო, "ხარისხიანი და პროფესიონალური". მისი თქმით, ეს უცხო ქვეყნის მიერ კოორდინირებული ქმედება იყო, რომელსაც დამასკოსთვის კონკრეტული გზავნილი ჰქონდა.

სამოქალაქო ომამდე, სირია დაახლოებით 385 ათას ბარელ ნავთობს მოიპოვებდა დღეში. ახლა ეს ციფრი თითქმიდ მის მეათედამდეა შემციფრებული. ნავთობმოპოვების ტერიტორიებს ძირითადად ან ქურთი მებრძოლები ან ამბოხებულები აკონტროლებენ. ადგილობრივი გაზეთის ცნობით, სირიის ახლანდელ ნავთობწარმოებას ქვეყნის მთავრობის კონტროლის ქვეშ არსებული - ქვეყნის ტერიტორიის 62 %-ის მოთოხვნის მხოლოდ 24 % ის დაკმაყოფილება შეუძლია. ევროპელი დიპლომატები შიშობენ, რომ ირანული ნავთობის გარეშე, სირია აუცილებლად რუსეთს მიმართავს.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტანკერ "გრეის 1"-ს ნავთობი ბაშარ ალ-ასადის მთავრობისთვის არ გადაჰქონდა და თუკი ბრიტანეთის მთავრობა მას არ გაათავისუფლებს, ამას "სერიოზული შედეგები მოჰყვება. ეს საშიში თამაშია", - ამბობენ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში. თუმცა ბრიტანული მხარე ირწმუნება, რომ ტანკერი სირიის ნავთობგადამამუშავებელი პუნქტისკენ მიემართებოდა და შესაბამისად ევროკავშირის მიერ სირიისთვის დაწესებული სანქციების საგანი იყო.