სირიის კონფლიქტის მეოთხე წელს, კრიზისიდან გამოსავალი არ ჩანს

სირიის კონფლიქტის მეოთხე წელია მიმდინარეობს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით დაპირისპირების შედეგად 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მაშინ, როცა ასადის რეჟიმი ცდილობს ამბოხება ჩაახშოს, მეამბოხეები ადგილობრივი სირიელებისა და გარეშე ძალების მხარდაჭერით დაუმორჩილებლობას აგრძელებენ. სირიელ მეამბოხეებს არაერთი უცხოელი მებრძოლიც უჭერს მხარს. ეს ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან, ამბობს ვაშინგტონში ბაზირებული ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ანალიტიკოსი და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი დენიელ სერვერი.

"ისინი ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან არიან. თუმცა მებრძოლთა ერთი ნაწილი ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან ჩადის. სირიაში პაკისტანელებიც დიდი რაოდენობით გადადგიან. ეს სერიოზული პრობლემაა."

მიუხედავდ იმისა, რომ უცხოელები ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩადიან სირიაში, რეჟიმისა, რომელსაც ვაშინგტონი მკაცრად აკრიტიკებს ადამიანის უფლბების დარღვევების და სირიელების ჩაგვრის გამო, ექსპერტი ამბობს, რომ ეს რადიკალური მებრძოლები ამერიკისთვის დიდ საშიშროებას და საფრთხეს წარმოადგენს.

"აშკარაა, რომ სირია, ან სირიის სხვადასხვა რეგიონი, ტერორისტების თავშესაფარი ხდება. ეს ადამიანები საბოლოო ჯამში ამ თავშესაფარს ამერიკის წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებისთვისაც გამოიყენებენ. ამას უკვე ადგილი ჰქოდა ავღანეთში, პაკისტანსა და იემენში."

ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ სირიელები ასადის მოწინააღმდეგე ძალებთან გაერთიანებას გაურბიან ასადის მხარდამჭერთა რიგებში უცხოელი მებრძოლების წევრობის გამო. საბოლოო ჯამში, ასადი მისი მოწინააღმდეგე ძალების ფრაგმენტაციის გამო იგებს-აცხადებს ვაშინგტონში მდებარე ახალი ამერიკის ფონდის სირიის საკითხების მკვლევარი ლეილა ჰილალი.

"ოპოზიცია, რომელიც ასადს ებრძვის, დანაწევრებულია. ეს ტენდენცია უფრო და უფრო იზრდება. სირიაში ამჟამად ხუთი ათასამდე საბრძოლო ბრიგადაა, რომლებიც ასადის წინააღმდეგ იბრძვიან. ოპოზიციონერი მებრძოლების გაერთიანების გარეშე, ძალიან რთულდება წარმატებული კამპანიის წარმართვა." აცხადებს ჰილალი.

სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ასადის მთავრობასა და მეამბოხე ჯგუფებს შორის ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ლეილა ჰილალი ამბობს, რომ უკრაინის კრიზისი კიდევ უფრო მეტად ამცირებს სირიის კონფლიქტის დიპლომატიური მეთოდებით მოგვარების შანსებს.

"ყირიმის სიტუაციას დიდი გავლენა აქვს სირიის კრიზისზე. ეს კრიზისი ამერიკისა და რუსეთის ერთად მუშაობის საშუალებას ამცირებს, რათა ამ ორმა მხარემ სირიის კრიზისის დიპლომატიური საშუალებით მოგვარებას შეუწყოს ხელი."


სირიის კრიზისის შედეგად ორ მილიონ ნახევარზე მეტ ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა. ექსპერტების აზრით, დიპოლმატიური დარეგულირების გაჭიანურება ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.