ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი რუსეთს ასადის ხელშეწყობაში დებს ბრალს


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:36 0:00
ბმული
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ სირიაში ხელისუფლება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ე.წ. კასრის ბომბებს იყენებს. ჯონ კერის აზრით, ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყნის მთავრობა სამწლიანი ძალადობის შეწყვეტისთვის, საჭიროდ ისევ სამხედრო ძალის გამოყენებას თვლის.

„ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ ისინი ამას ირანისგან, ჰეზბოლასგან და რუსეთისგან მზარდი მხარდაჭერის ფონზე აკეთებენ. რუსეთი პრობლემის გადაწყვეტაში უნდა მონაწილეობდეს და არა პირიქით: ასადს დამატებით იარაღს და დახმარებას აწვდიდეს, რაც მის ძალებს აორმაგებს“ - აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ სირიაში მიმდინარე ძალადობის პოლიტიკური გზით გადაწყვეტის მცდელობა ჩავარდა. ეს ნაწილობრივ იმის გამო მოხდა, რომ რუსეთი არ აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ჟენევაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელი მაქსიმალურად შეუწყოს.

„რუსეთმა არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, ჩემთან ერთად იქნებოდა ეს თუ სხვა დროს, რომ ის გარდამავალი მთავრობის შექმნის, ჟენევის კომუნიკეს და ჟენევა-1-ის ერთგულია. თუმცა, აქამდე ვერ დავინახეთ საჭირო ქმედებები ამ დინამიკის წარმატებით განხორციელებისათვის“ - აღნიშნავს ჯონ კერი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრალს სირიის ოპოზიციის მხარდამჭერ ქვეყნებს დებს. მათ შორის - შეერთებულ შტატებს, რომელიც ფოკუსირებას პრეზიდენტ ასადის ძალაუფლებიდან ჩამოცილებაზე ახდენს. ეს კი სერგეი ლავროვის თქმით, არარეალური მიზანია და სამშვიდობო პროცესებში პროგრესს აფერხებს.

ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებებში მონაწილე ოპოზიციის მხარდამჭერი ქვეყნები ჟენევის კომუნიკეს დანერგვისას მხოლოდ ერთი მიზნით ხელმძღვანელობენ. მათ სირიაში რეჟიმის შეცვლა სურთ. შემდეგ, როცა ამ მიზანს ვერ აღწევენ, მოლაპარაკება ჩიხში შედის.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შეფერხების ბევრი საბაბი არსებობს. სირიის ოპოზიციის მხარდამჭერებს ქიმიური იარაღის საკითხებზე სამშვიდობო შეთანხმების დაბლოკვა სურდათ. როცა ის ჩავარდა, მათ ჰუმანიტარული კრიზისის პოლიტიზირება სცადეს - აღნიშნავს სერგეი ლავროვი.

სირიის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, აჰმედ ჯარბა, ამბოხებულებს შორის საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით - უშედეგოდ. ამბოხებულთა ჯგუფებში და ხელისუფლების მხარდამჭერ ძალებში ძალაუფლების პოტენციური გადანაწილების შესახებ უთანხმოება გრძელდება - აცხადებს ამერიკელი ანალიტიკოსი სტივ ჰეიდემანი მშვიდობის ინსტიტუტიდან.

„კოალიციას თავისთავად არ გააჩნია საკმაო ლეგიტიმურობა, რომელიც მას უფლებას მისცემს ოპოზიციის ყველა დაჯგუფების სახელით გამოვიდეს და ასადის რეჟიმს დაუპირისპირდეს“ - აღნიშნავს სპეციალისტი.

სირიის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების შესახებ ჯერჯერობით არც ხელისუფლებას და არც მის ოპონენტებს შორის შეთანხმება არ არის. ამ ერთგვარი შესვენების დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოიფიქროს, თუ რა შეიძლება იყოს საუკეთესო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ საკითხის გადაწყვეტაში, ჯონ კერის აზრით, რუსეთის მეტი თანამშრომლობა გასაღები იქნება.
XS
SM
MD
LG