ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ხმა ჯონ კერის ესაუბრა


ამერიკის ხმის სპარსულ რედაქციასთან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ამერიკასა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ ეს პროცესი ირანის საკითხზე გავლენას არ მოახდენს, იმდენად რამდენადაც ირანის ბირთვული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ირანელების მომავლისათვის. კერიმ დასძინა, რომ რუსეთი ძალიან დაინტერესებულია ამ საკითხის [ირანის ბირთვული პროგრამის] დარეგულირებაში, ამიტომაც არის ის P5+1 ჯგუფის მონაწილე, ჯგუფისა, სადაც ყველა მონაწილე მხარე თანხმდება, რომ ირანმა უნდა დაამტკიცოს თუ რას ეხება მისი პროგრამა. „რუსეთი კი ამ იდეას ძალიან ემხრობა“-განაცხადა ჯონ კერიმ.
ჟურნალისტი აქ მას ჩაეძია, რომ რუს დიპლომატებზე დაყრდნობით [უთანხმოებას] შესაძლოა ირანის თემაზე გარკვეული გავლენა ჰქონდეს, რაზეც სახელმწიფო მდივანმა მიუგო, რომ რუსმა დიპლომატებმა ეს შეიძლება განაცხადონ, თუმცა საბოლოო ჯამში მხარეები უნდა დაელოდონ მოვლენების განვითარებას მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში.

ჯონ კერიმ ასევე აღნიშნა, რომ არავის ინტერესებში არ შედის უკრაინაში მდგომარეობის უფრო დაძაბვა, და რომ ასევე არავის ინტერესებშია სიტუაციის გართულება, მიზანი დე-ესკალაცია და არა სიტუაციის გართულება უნდა იყოს. მისი აზრით ამ სიტუაციას არ უნდა შეეწიროს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა სირია, ირანი, ავღანეთი, საკითხები, სადაც მხარეებს შორის თანამშრომლობა შედგა. „ამერიკას სურს ამ საკითხების ირგვლივ თანამშრომლობა. ამერიკის შეერთებული შტატები არ დაუშვებს კანონის საბოლოოდ დარღვევას, არ დაუშვებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგისა და საერთაშორისო სტრუქტურის ნგრევას ერთი რომელიმე ქვეყნის მოქმედებით. პრეზიდენტ პუტინზე და რუსებზეა დამოკიდებული, თუ როგორ გადაწყვეტენ მოქმედებას. ჩვენ მზად ვართ დამატებითი, სერიოზული დარგობრივი სანქციების დაწესებით ვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკანონო მოქმედებებს-მათ შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის გადაკვეთას და სუვერენული ტერიტორიის ფარგლების დარღვევას გააგრძელებენ.“
XS
SM
MD
LG