ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უშიშროების საბჭოში უკრაინის საკითხი განიხილეს


ყირიმის მიერ უკრაინიდან გამოყოფის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭო ოთხშაბათს პირველად შეიკრიბა. საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დაგმეს ყირიმის რეფერენდუმი, რომელიც ათასობით რუსი ჯარისკაცის ზედამხედველობის ქვეშ სახელდახელოდ ჩატარდა.

შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ ეს კრიზისი არასოდეს ემსახურებოდა რუსი მოსახლეობის დაცვას, როგორც ამას ოფიციალური მოსკოვი აცხადებს. არამედ, სამატა პაუერის თქმით, მთავარი მიზანი ყირიმის ხარჯზე რუსეთის საზღვრების გაფართოება იყო.

„შეერთებული შტატები გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და ყირიმის ტერიტორიის შემოერთებას. კიდევ ერთხელ: ამ ქმედებებით მოხდა ხელყოფა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის; თავად რუსეთის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების; საერთაშორისო კანონმდებლობის; ამ საბჭოს წევრთა უმრავლესობის შეთანხმების და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის და საერთოდ მისი არსის“ - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

სამანტა პაუერმა მოსკოვი მკაცრად გააკრიტიკა. საბჭოსადმი გაკეთებულ მიმართვაში მან აღნიშნა, რომ რუსეთი თავის „წამგებიან, არალოგიკურ და ტყუილებით სავსე“ ქმედების გამართლებაში მარტოა. ამას ადასტურებს ის, რომ მასთან ერთად ხელს უშიშროების საბჭოს განცხადებებზე სხვა არავინ იწევდა. მისი თქმით, „ქურდმა შეიძლება საკუთრება მოიპაროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ნაქურდალის კანონიერი მფლობელი ხდება“.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა გაეროში, მარკ ლიალ გრანტმა, განაცხადა, რომ რუსეთმა სამხედრო ძალის გამოყენებით, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის ნაწილის ანექსია განახორციელა.

„რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ამ პროცესის შესახებ განაცხადა, რომ ის საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, გარედან ჩარევის გარეშე და დემოკრატიული პროცესის საშუალებით განხორციელდა. ძალიან ძნელია იცოდე, თუ რომელია ამ სამში ყველაზე დიდ ტყუილი“ - აღნიშნა გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

რუსეთის მიერ კრიზისის გადაწყვეტის მეთოდები საფრანგეთის ელჩმა, ჟერარ აროდმაც გააკრიტიკა. „რუსეთის ფედერაციის შემოთავაზება ძალიან მარტივია: რაც ჩემია, ის ჩემია. შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რაც თქვენია - უკრაინის სუვერენიტეტი. ეს გახლავთ რუსეთის წინადადება“ - აცხადებს საფრანგეთის ელჩი.

გაეროში რუსეთის ელჩმა უარყო უკრაინის ბრალდება იმის შესახებ, რომ რუსმა ჯარებმა სამშაბათს, საპორტო ქალაქ სევასტოპოლში უკრაინელი ჯარისკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. ვიტალი ჩურკინი ამბობს, რომ ეს კიევის მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რათა შემდეგ ეთქვათ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელებს ესროლეს.

„დღეს ჩემმა რამდენიმე კოლგამ ახსენა უკრაინის ბაზაზე მიტანილი ე.წ. იერიში. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ იერიში არანაირ ბაზაზე არ განხორციელებულა. იქ რუსი ჯარისკაცებიც კი არ იყვნენ. იქ მისულებს იარაღი არ ჰქონდათ, მხოლოდ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ეცვათ, ისინი თავდაცვის ძალების წევრები იყვნენ“ - განაცხადა ვიტალი ჩურკინმა. მან გაეროს მიერ მივლინებული ადამიანის უფლებების დამცველი, ივან სიმონოვიჩიც „ცალხმრივი შეფასებების გაკეთებაში“ დაადანაშაულა.

სიმონოვიჩი უკრაინაში 9 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. გაეროს უშიშროების საბჭოს მან განუცხადა, რომ იყო შემთხვევები, როცა რუსებზე თავდასხმა ან მათი შეურაცხყოფა ხდებოდა. თუმცა, ამას „არც ფართოდ გავრცელებული და არც სისტემატური“ ხასიათი არ ჰქონდა. გაეროს წარმომადგენლის თქმით, უკრაინაში მონიტორთა 34-კაციანი შემადგენლობის გაგზავნა უკვე დაიწყო.

იმავე დღეს გაეროს გენერალური მდივანი მოსკოვში გაემგზავრა. ბან კი-მუნი რუსეთის და უკრაინის ლიდერებთან კრიზისის დიპლომატიური გზებით მოგვარებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG