"უცხოეთის აგენტების" შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს, მაგრამ არ გვიმსჯელია იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტ, რიკარდ იოზვიაკთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
"საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს "უცხოელი აგენტების შესახებ" საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და, შესაბამისად, ნატოს მოკავშირეებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოთქვეს შეშფოთება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ასევე ნახეთ: სტოლტენბერგი პუტინის განცხადებაზე- ახალი არაფერია28 მაისს, პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ევროკავშირის ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საპასუხო რეაქციაზე ივნისში იმსჯელებენ.
"რადიო თავისუფლება" ნატოს გენერალურ მდივანს შეეკითხა, ექნება თუ არა ასეთი კანონის მიღებას რაიმე კონკრეტული გავლენა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე.
იენს სტოლტენბერგმა პასუხად თქვა, რომ "ეს საკითხი არ განხილულა. ჩვენი პარტნიორობა ფართო მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგი პარტნიორობის ნაწილია და პრობლემების წამოჭრაც ამ პოლიტიკური დიალოგის ნაწილს წარმოადგენს".
რიკარდ იოზვიაკის კითხვაზე, დარჩება თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად, სტოლტენბერგმა განაცხადა: "დიახ, საქართველომ წევრობისთვის მოგვმართა. ჩვენ მისთვის ჯერ არ მიგვიცია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ჩვენ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს“.
აღნიშნული კომენტარები ნატოს გენერალურმა მდივანმა 31 მაისს, ჩეხეთის დედაქალაქში ყოფნის დროს გააკეთა. პრაღაში ამ დღეს დასრულდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელები, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარებისა და მომავალი ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგის შესახებ მსჯელობდნენ.