ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარა ნატოს ახალი თავმჯდომარის პოსტზე მხარს რუტეს დაუჭერს


მარკ რუტე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ლიდერთა არაფორმალურ სამიტზე. ბრიუსელი, ბელგია. 18 აპრილი, 2024 წ.
მარკ რუტე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ლიდერთა არაფორმალურ სამიტზე. ბრიუსელი, ბელგია. 18 აპრილი, 2024 წ.

თურქეთმა თავის ნატოელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ ალიანსის შემდეგი გენერალური მდივნის პოსტზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს კანდიდატურას დაუჭერს მხარს. აღნიშნული განცხადება თურქეთის ოფიციალურმა პირმა ორშაბათს, 29 აპრილს გაავრცელა.

ანკარის პოზიცია მნიშვნელოვანია, რადგან ნატო გადაწყვეტილებებს აბსოლუტური კონსენსუსით იღებს. ეს ნიშნავს, რომ გენერალური მდივნის პოსტზე დასამტკიცებლად, ნებისმიერ კანდიდატს 32-ვე მოკავშირის მხარდაჭერა დასჭირდება.

თურქეთს, ნატოს წევრ ქვეყნებთან - უნგრეთთან, სლოვაკეთთან და რუმინეთთან ერთად - აქამდე საკუთარი პოზიცია და საჯარო მხარდაჭერა არავის მიმართ არ დაუფიქსირებია. პოსტზე განხილულ კანდიდატთა შორის, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც არის.

ნატოს ახლანდელი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პოსტს ამ წლის ოქტომბერში დატოვებს. ალიანსის მომდევნო ხელმძღვანელი ფართო გამოწვევების წინაშე იდგება. მათ შორის უპირველესია უკრაინაში მიმდინარე ომი, რადგან მსგავსი მასშტაბის კონფლიქტი ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.

ნატოს მომავალ გენერალურ მდივანს მოუწევს იმუშაოს იმაზე, რომ გაგრძელდეს და გაღრმავდეს მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვისადმი. ამავდროულად, ალიანსმა კონტინენტი კონფლიქტის ნებისმიერი ესკალაციისგანაც უნდა დაიცვას, რათა ის რუსეთთან უშუალო დაპირისპირებამდე არ მივიდეს.

XS
SM
MD
LG