გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინაში განვითარებულ მოველენებთან დაკავშირებით დღეს განცხადებას ავრცელებს. ის რუსეთს გაეროს წესდებას შეახსენებს და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირადად მოუწოდებს, უკან დახიოს ძალები. გაერო ზრდის ჰუმანიტარულ ოპერაციებს რეგიონში და საგანგებო სიტუაციების ფონდიდან უკრაინისთვის 20 მილიონ დოლარს გამოყოფს.
"ჩვენ მოწმე ვართ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული ისეთი მასშტაბის სამხედრო ოპერაციის, რომლის მსგავსი ევროპას ათწლეულებია არ მოსწრებია" - აცხადებს გუტერეში. ის კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსკოვს, რომ ასეთი ცალმხრივი ზომები პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებასთან. "ძალის გამოყენება ერთი ქვეყნის მხრიდან მეორეს წინააღმდეგ, იმ პრინციპების უარყოფაა, რომელთა დაცვის ერთგულების პირობა ყველა ქვეყანამ დადო" - ამბობს ის.
"ეს არასწორია. ეს წესდების საწინააღმდეგოა. ეს მიუღებელია. თუმცა, ეს არ არის შეუქცევადი" - აღნიშნავს გაეროს გენერალური მდივანი და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს პირადად მოუწოდებს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია და რუსეთის ძალები უკან, რუსეთში დააბრუნოს.
გუტერეში იმასაც შეახსენებს რუსეთის პრეზიდენტს, რომ რეგიონში გაიზრდება ადამიანური მსხვერპლი და გაუარესდება ჰუმანიტარული სიტუაცია. "ჩვენ ვიცით ომის ფასი... ხალხი - რიგითი, უდანაშაულო ხალხია ის, ვინც ყველაზე მეტ საფასურს იხდის" - ამბობს გაეროს გენერალური მდივანი.
ორგანიზაცია ზრდის ჰუმანიტარულ ოპერაციებს უკრაინის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამისთვის, პირველ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების ფონდიდან გაერო 20 მილიონ დოლარს გამოყოფს. გუტერეშის თქმით, გაერო მუშაობს კონფლიქტის ორივე მხარეს და ყველგან დაიცავს ნეიტრალიტეტის, მიუკერძოებლობის, ჰუმანიზმის და დამოუკიდებლობის განუხრელ პრინციპებს.
"მომავალ დღეებში მიღებული გადაწყვეტილებები იმოქმედებს ჩვენს სამყაროზე და უშუალო ზემოქმედება ექნება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე... ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ ეს თაობა ომის საშინელებებისგან ვიხსნათ. ჩვენ მშვიდობა გვჭირდება" - ამბობს გუტერეში განცხადების დასასრულს.