უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ჰოსტომელის აეროპორტში რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლების შეკავება და განადგურება მოახერხეს.
უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის მახლობლად მდებარე ჰოსტომელის სამხედრო აეროპორტზე მიიტანეს იერიში. საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს თავდასხმისას 3 რუსული ვერტმფრენის ჩამოგდება. ამავე ცნობების თანახმად, საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთი ახლა კიევის რეგიონის მიდამოებსა და ბელორუსის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ჟიტომირის რეგიონებს უტევს. უკრაინელი მესაზღვრეები ამმბობენ, რომ რუსი სამხედროები გრადის ტიპის სარაკეტო სისტემებს იყენებენ.
"ასოშეითედ პრესის" ცნობით ჰოსტომელში მდებარე აეროპორტს აქვს საკმარისად გრძელი საფრენი ბილიკი საიმისოდ, რომ ნებისმიერი ტიპის ავიახომალდები მიიღოს, მათ შორის ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავები.
ზელენსკის თქმით, არაერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და ჯავშანტექნიკა განადგურებულია, თუმცა კონკრეტული ციფრები არ სახელდება. მისი თქმითვე, რუს ჯარისკაცთა ნაწილი დაკავებულია. პრეზიდენტი ამბობს, რომ ვითარება კვლავ ძალიან რთულია ხარკოვში, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. რუსები კი მისივე თქმით, ნელი ტემპით, მაგრამ წინაურდებიან ჩერნიჰივის მიმართულებით.
24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუჰანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.