უკრაინელ ჟურნალისტთა გუნდმა, რომელმაც გამოცემა "კიევ პოსტი" მფლობელ-გამომცემელთან სარედაქციო დამოუკიდებლობის შესახებ შეუთანხმებლობის გამო დატოვა, ახალი მედია დააფუძნა.
ჟურნალისტებმა "ფეისბუქზე" განაცხადეს, რომ დააარსეს ახალი გამოცემა "დამოუკიდებელი კიევი", რიმელიც ძველ სარედაქციო გუნდს აერთიანებს და მათი შემოსავლის ძირითადი წყარო გამომწერების და დონორების მიერ გადარიცხული თანხები იქნება.
ასევე ნახეთ: უკრაინის წამყვანი ინგლისურენოვანი გამოცემა მოულოდნელად მუშაობას აჩერებს
"ჩვენ ვიწყებთ ახალ გამოცემას - The Kyiv Independent - რადგან უკრაინას სჭირდება ადგილობრივი, ინგლისურენოვანი ჟურნალისტიკა, რომელსაც უმაღლესი ხარისხი ექნება. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ახალი ამბების წყარო, რომელსაც შეუძლია ენდოს", - ამბობენ რეპორტიორები. "ჩვენ არ ვართ დამოკიდებული მდიდარ მფლობელზე ან ოლიგარქზე. ჩვენ უპირველესად ხალხის დაფინანსებაზე ვიქნებით დამოკიდებული, ჩვენი მკითხველისა და დონორების ფულზე, შემდეგ კი უკვე კომერციულ შემოსავლებზე", - ვკითხულობთ მათ განცხადებაში.
"კიევ პოსტი" - უკრაინის უდიდესი, დამოუკიდებელი ინგლისურენოვანი გამოცემა იყო, რომელმაც თითქმის 25-წლიანი ისტორიის შემდეგ ფუნქციონირება დაახლოებით 2 კვირის წინ შეწყვიტა. მიზეზი მფლობელსა და ჟურნალისტებს შორის არსებული უთანხმოებაა.
ადნან კივანმა, "კიევ პოსტის" გამომცემელმა და ბიზნესმენმა უძრავი ქონების სექტორში, გაზეთის ვებგვერდზე გამოცემის მოულოდნელი დახურვის შესახებ განცხადება 8 ნოემბერს გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს "დროებითი" ნაბიჯია. მას გამოცემის დახურვის მიზეზის შესახებ არ უსაუბრია, თუმცა ამბობდა, რომ ნაბიჯი ფინანსური ფაქტორებით გამოწვეული არაა. "ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღესაც გამოცემა კვლავ დაბრუნდება - უფრო დიდი და უკეთესი", - ამბობდა კივანი.
თუმცა "კიევ პოსტის" ჟურნალისტები ერთობლივ განცხადებაში ამბობდნენ, რომ გამოცემის მოულოდნელი დახურვა კივანის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის ნაწილი იყო.