ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკის ხმის" ყოფილი დირექტორი ბაიდენმა გლობალური მაუწყებლობის სააგენტოს ხელმძღვანელად დაასახელა


ამანდა ბენეტი
ამანდა ბენეტი

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამანდა ბენეტი, რომელიც "ამერიკის ხმის" დირექტორი იყო, შეერთებული შტატების გლობალური სამაუწყებლო სააგენტოს (USAGM) უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის პოსტზე წარადგინა. ინფორმაცია თეთრმა სახლმა პარასკევს გაავრცელა.

69 წლის ბენეტი გამოცდილი, ვეტერანი გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელსაც 1997 წელს ჟურნალისტური საქმიანობისთვის პრესტიჟული პულიცერის პრემია აქვს მიღებული. ის ბოლოს 2016-2020 წლებში "ამერიკის ხმის" დირექტორის პოსტზე მსახურობდა, რომელიც რამდენიმე სხვა საერთაშორისო მაუწყებელთან ერთად, ზემოთხსენებული გლობალური სააგენტოს ქუდის ქვეშ მუშაობს.

"ამერიკის ხმამდე" კი ამანდა ბენეტი 23 წლის მანძილზე მუშაობდა "უოლ-სტრიტ ჯორნალში". ის სხვადასხვა დროს იყო ცნობლი გამოცემების რედაქტორი, როგორიცაა "ჰერალდ-ლიდერი", თუ "ფილადელფია-ინქვაირერი" და ასევე ეკავა აღმასრულებელი რედაქტორის პოსტი "ბლუმბერგ-ნიუსში".

ამანდა ბენეტმა პოსტი გასულ წელს მას შემდეგ დატოვა, რაც სააგენტოს ახალ აღმასრულებელ დირექტორად ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონსერვატორი კინოდოკუმენტალისტი მაიკლ პეკი დანიშნა. პეკმა პოსტის დაკავებისთანავე სხვა მაუწყებლების დირექტორები სამსახურიდან დაითხოვა, რაც მაშინ უპრეცედენტო ნაბიჯად ჩაითვალა.

პრეზიდენტ ბაიდენის ნომინაცია ჯერ ამერიკის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. "ამერიკის ხმასთან" (VOA) ერთად, შეერთებული შტატების გლობალური სამაუწყებლო სააგენტოს ნაწილია ასევე "რადიო თავისუფლება" (RFE/RL) და კიდევ სამი საერთაშორისო მედია-საშუალება: "კუბის მაუწყებლობის ოფისი" (OCB), "რადიო თავისუფალი აზია" (RFA) და "ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი" (MBN). ამერიკის მთავრობისგან მათ გასულ წელს $630 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG