ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკის ხმა" ორმა წამყვანმა მენეჯერმა დატოვა


ამანდა ბენეტი, "ამერიკის ხმის" დირექტორი და მისი პირველი მოადგილე, სანდრა შუგავარა დაკავებული პოსტებიდან გადადგნენ. დღეს, თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში, მათ თქვეს, რომ მაიკლ პეკს, ამერიკის გლობალური მაუწყებლობის სააგენტოს ახლადდამტკიცებულ ხელმძღვანელს, აქვს მათი შეცვლის უფლება.

"ამერიკის ხმა" (VOA) შეერთებული შტატების გლობალური მაუწყებლობის სააგენტოს (USAGM) ქუდის ქვეშ მუშაობს. იგივე სააგენტო მართავს ქართული მედია-სივრცისთვის ასევე კარგად ცნობილ "რადიო თავისუფლებას" (RFE/RL) და კიდევ სამ მედია-საშუალებას: "კუბის მაუწყებლობის ოფისს" (OCB), "რადიო თავისუფალ აზიას" (RFA) და "ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელს" (MBN).

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ორი წლის წინ ნომინირებული მაიკლ პეკი სენატმა თანამდებობაზე 4 ივნისს, სამი წლის ვადით დაამტკიცა. ის მოვალეობის შესრულებას ფიცის დადებისთანავე, 10 ივნისს შეუდგა.

ბენეტი და შუგავარა ორივე ვეტერანი ჟურნალისტია. ისინი "ამერიკის ხმას", 47 ენაზე მაუწყებელ, ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებულ დამოუკიდებელ მედია-საშუალებას 2016 წლიდან მოყოლებული მართავენ და მისი აუდიტორია მსოფლიოს გარშემო 280 მილიონამდე გაზარდეს.

თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში, ისინი აღნიშნავენ, რომ მაიკლ პეკის მოსვლით მათთვის, მათი "მოწოდების, მისიის, ან ღირსებისთვის, არაფერი შეიცვლება" არც "ამერიკის ხმაში" და არც გლობალური მაუწყებლის დაქვემდებარებაში მყოფ სხვა მედია-ორგანიზაციებში. მაიკლ პეკმა კონგრესში დაიფიცა, რომ ღირსებით მოეკიდება, პატივს სცემს და იქნება გარანტორი "ამერიკის ხმის" დამოუკიდებლობის, რომელიც უდიდეს და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მსოფლიო აუდიტორიების ნდობის აკუმულირებაში - ნათქვამია დღეს გაგზავნილ ელექტრონულ წერილში.

მაიკლ პეკის დამტკიცების პროცესი სენატში
მაიკლ პეკის დამტკიცების პროცესი სენატში

მაიკლ პეკს გასული წლის სექტემბერში გამართულ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ჰკითხეს, თუ რა გავლენას მოახდენდა მისი დანიშვნა "ამერიკის ხმაზე". სენატორებს აინტერესებდათ, დარჩება თუ არა „ამერიკის ხმა“ ობიექტურ მედია საშუალებად, რომლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა კანონითაა განსაზღვრული და დაცული.

„მთლიანად სააგენტო დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ ჟურნალისტები დამოუკიდებლები არიან, რომ არავითარი პოლიტიკური გავლენა მათ არ კარნახობს, თუ როგორ გააშუქონ ახლი ამბები და რა თქვან. ამ ნდობის გარეშე, ვფიქრობ სააგენტოს დისკრედიტაცია მოხდება“, თქვა მაიკლ პეკმა. მან სენატორებს უთხრა, რომ როგორც სააგენტოს მთავარი აღმასრულებელი პირი, ის უპირატესობას მიანიჭებს ორგანიზაციის სამოქმედო ეფექტურობას და თანამშრომლების კმაყოფილების გაზრდის საკითხს.

ბოლო თვის მანძილზე "ამერიკის ხმა" თეთრმა სახლმა და პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის გაშუქების გამო, არაერთხელ გააკრიტიკეს. "ამერიკის ხმას" საშინლად მართავენ. ისინი არა ამერიკის ხმა, არამედ სრულიად საპირისპირო რამ არიან" - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა 15 მაისს. მან მაუწყებელი ჩინეთის მიმართ მიკერძოებაში არაერთხელ დაადანაშაულა.

"ამერიკის ხმის" დირექტორმა ამანდა ბენეტმა მაუწყებელი დაიცვა და თქვა: "ჩვენ მთელი მსოფლიოს გარშემო კონსტიტუციის პირველი შესწორების ექსპორტს ვეწევით იმ ხალხისთვის, ვისაც სხვა გზით ფაქტობრივ, სიმართლით სავსე და დამაჯერებელ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება" - განაცხადა ბენეტმა. "ამიტომაცაა, რომ 47 ენაზე 60-ზე მეტ ქვეყანაში, 280-მილიონიან აუდიტორიაში, 80%-ზე მეტი თვლის, რომ ჩვენი საქმიანობა სანდოა".

ამანდა ბენეტი
ამანდა ბენეტი

ამანდა ბენეტი შეერთებულ შტატებში ცნობილი ჟურნალისტი და პრესტიჟული პულიცერის პრიზის მფლობელია. ის სააგენტოს 75-წლიანი ისტორიის მანძილზე, რიგით 29-ე დირექტორი იყო, რომელიც „ამერიკის ხმის“ დირექტორად პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს დაინიშნა და მაუწყებელს 4 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG