ბეირუთში დემონსტრაციაზე თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ბეირუთში, საპროტესტო დემონსტრაციაზე თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 6 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრაცია "ჰეზბოლას" მიერ იყო ორგანიზებული და მისი მონაწილეები იმ მოსამართლის გადაყენებას ითხოვდნენ, რომელიც გასულ წელს ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების საქმეზე მუშაობს.

ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლას" ინფორმაციით, დაღუპულები შიიტი მუსლიმები არიან და მათ ცეცხლი ახლოს მდებარე შენობაში გამაგრებულმა მემარჯვენე ქრისტიანული პარტიის წარმომადგენლებმა გაუხსნეს.

ასევე ნახეთ: ვის ეკუთვნოდა ბეირუთში აფეთქებული და საქართველოში წარმოებული ამონიუმის ნიტრატი

"ჰეზბოლამ" ქრისტიანი ლიბანური ძალების პარტია მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე დაადანაშაულა შიიტ მომიტინგეებზე თავდასხმაში დაა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს თავდამსხმელების დაპატიმრება მოსთხოვა.

შარშან აგვისტოში ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებას 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშინ ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მიადგა, რომლის შედეგებიც დღემდე გრძელდება.

ნაჯიბ მიქატიმ პრემიერ-მინისტრის პოსტი გასულ თვეში დაიკავა. მანამდე კი კაბინეტის დაკომპლექტებას, ღრმა „ეკონომიკური დეპრესიის“ ფონზე, სერიოზული პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.

ასევე ნახეთ: ბეირუთის აფეთქების გამოძიება ლიბანში პოლიტიკურ კრიზისს აღრმავებს

მოსამართლე ტარეკ ბიტარს აფეთქებასთან დაკავშირებით კითხვები კაბინეტის ერთ-ერთ წევრთან აქვს და მის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვს.

ამ ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ გავლენები კიდევ უფრო ნათელი ხდება. დაჯგუფება მოსამართლეს პოლიტიზირებული საქმის წარმოებაში სდებს ბრალს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

საერთაშორისო საზოგადოება, ქვეყნები, რომელთაგან ლიბანის მთავრობა დახმარებას ელის, ქვეყნისგან აფეთქების სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ ჰეზბოლა ლიბანის სასამართლო ხელისუფლებაზე მუქარას ახორციელებს და ლიბანელი ხალხის ინტერესებზე მაღლა, საკუთარ და ირანის ინტერესებს აყენებს. ჰეზბოლას წარმომადგენელი დეპუტატი, ჰასან ფადლოლა ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები ლიბანის სუვერენიტეტს არღვევს.