სერბეთის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს არ მიუყიდია და არ მიჰყიდის იარაღს არც უკრაინას და არც რუსეთს, ასევე არც იმ ქვეყნებს, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტთან არიან „დაკავშირებული“. ამ განცხადებით ის გამოეხმაურა უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ ცნობას, რომ სერბეთი იარაღს აწვდის უკრაინას.
„ეს ტყუილი ჩვენ ათზე უფრო მეტჯერ უარვყავით და ახლა კვლავ ვაკეთებთ ამას“, - თქვა ვუჩევიჩმა.
ასევე ნახეთ: კრემლი აცხადებს, რომ სერბეთს მხარს უჭერსმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი იარაღს აწვდის მესამე ქვეყნებს, რომლებიც შორს არიან უკრაინის კონფლიქტიდან და არაფერი აქვთ მასთან საერთო.
„ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ კონფლიქტის ტერიტორიაზე რაღაც ჯადოქრობით აღმოჩნდება რაიმე იარაღი, მაგრამ სერბეთთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს. ეს შეკითხვა ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც არ იცავენ საერთაშორისო ნორმებს, შეთანხმებების დებულებებსა და საქმიან პრაქტიკას. ვიმეორებ: სერბეთს არ გაუგზავნია იარაღი უკრაინაში და ყველაფერი, რაც ამ თემაზე ქვეყნდება, არასანდო მარჩიელობაა“, - აღნიშნა სერბეთის თავდაცვის მინისტრმა.
საინფორმაციო სააგენტო "როიტერმა" ახლახან ინტერნეტში გაჟონილი აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების ანალიზზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სერბეთი თანახმაა, კიევს გაუგზავნოს საბრძოლო იარაღი ან უკვე გააგზავნა ის.
ცოტა ხნით ადრე, წყაროები, ძირითადად რუსული რესურსები, იტყობინებოდნენ, რომ სერბეთმა შეიძლება უკრაინას იარაღი მიაწოდოს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. მას შემდეგ, რაც კრემლმა სერბეთს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, ბელგრადმა მაშინაც უარყო ეს ცნობები.
მართალია, სერბეთმა დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, მაგრამ მან უარი თქვა, მიერთებოდა რუსეთის - თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური მოკავშირის - წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.