სენატში დღეს დოკუმენალისტ მაიკლ პეკს მოუსმენენ, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა. სააგენტო „ამერიკის ხმას,“ „რადიო თავისუფლებას“ და სხვა ორგანიზაციებს ზედამხედველობს.
სენატში მაიკ პეკის ნომინაციის განხილვა თითქმის ორი წელია მიმდინარეობს. სენატის დემოკრატები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდნენ პეკის ფინანსური საქმიანობის გამო.
გასულ კვირას კომიტეტში მოსმენა კიდევ ერთხელ გადაიდო მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის ფედერალურმა პროკურორმა მისი საქმიანობის გამოძიება დაიწყო. გამოძიების საფუძველი პეკის მიერ საკუთარი არა-კომერციული ორგანიზაცია „საზოგადოებრივი მედია ლაბორატორიის“ კუთვნილი თანხების საკუთარი კეთილდღეობისთვის, სავარაუდო, უკანონო გამოყენება იყო.
ასევე ნახეთ: თეთრი სახლი დემოკრატებს მაიკლ პეკის დაბლოკვაში ადანაშაულებსსენატის საგარეო კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა რესპუბლიკელ კოლეგებს ღია წერილი გაუგზავნა, სადაც კომიტეტში პეკის კანდიდატურისთვის კენჭისყრის დაგეგმვას აპროტესტებენ.
დემოკრატები ასევე გამოხატავენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ სენატის შეხვედრა პირდაპირ ტრანსლირებული არ იქნება, რის გამოც მოსმენის დეტალები პრესისთვის და ამერიკული საზოგადოებისთვის უცნობი დარჩება.
„ამერიკის ხმამ“ სენატის საგარეო ურთიერთოებები კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშსგან წერილებზე საპასუხოდ კომენტარი სთხოვა.
პრეზიდენტმა ტრამპმა პეკი ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ორი წლის წინ წარადგინა. ბოლო პერიოდში მან არაერთხელ საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ სენატი მის ნომინირებულ კანდიდატებს არ განიხილავს. ის კონგრესის იძულებით არდადეგებზე გაშვებითაც დაიმუქრა იმ შემთხვევაში, რომ მისი ნომინანტების მოსმენები არ დაიწყება.
ასევე ნახეთ: ტრამპი კონგრესს დროებით დათხოვნით ემუქრებაბოლო კვირების განმავლობაში, ტრამპმა „ამერიკის ხმა“ არაერთხელ გააკრიტიკა სააგენტოს მიერ კორონავირუსის პანდემიის კრიზისის დროს ჩინეთის გაშუქებასთან დაკავშირებით.
„ამერიკის ხმის“ დირექტორმა ამანდა ბენეტმა სააგენტო დაიცვა. გასულ პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში მან თქვა, რომ „ჩვენ [ამერიკის კონსტიტუციის] პირველი დამატების ექსპორტს ვაწარმოებთ მსოფლიოს გარშემო იმ ხალხებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ფაქტებზე დაფუძნებულ, სწორ და სანდო ინფორმაციაზე.“
მან დასძინა, რომ ამის გამო „47 ენაზე და 60 ქვეყანაში ჩვენი 280 მილიონიანი აუდიტორიის 80 პროცენტს ჩვენი საქმიანობა სანდოდ მიაჩნია.“
შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტო „ამერიკის ხმას,“ „რადიო თავისუფლებას,“ „კუბის მაუწყებლობას,“ „რადიო თავისუფალ აზიას,“ „ალჰურას“ და „რადიო სავას“ ზედამხედველობს.