გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინაზე მსჯელობს

რუსეთის ელჩი გაეროში ვიტალი ჩურკინი აცხადებს, რომ უკრაინის განდევნილმა პრეზიდენტმა რუსეთს სამხედრო ძალის უკრაინაში გაგზავნა თხოვა კანონიერების და წესრიგის აღდგენის მიზნით.

ამერიკის ხმის კორესპონდენტი გაეროში მარგარეტ ბეშირი მოგვითხრობს.

რუსეთის ელჩმა გაეროს უშოშროების საბჭოს 15 წევრიან შემადგენლობას ორშაბათს უთხრა, რომ მოსკოვს დასმარების შესახებ ვიქტორ იანუკოვიჩმა მიმართა. ჩურკინმა დასძინა, რომ იანუკოვიჩს რუსეთი ჯერ ისევ ლეგიტიმურ პრეზიდენტად განიხილავს. ჩურკინის განცხადებით, იანუკოვიჩმა ვლადიმირ პუტინს შაბათს წერილი გაუგზავნა, სადაც განაცხადა, რომ უკრაინაში “ქაოსი და ანარქია” გამეფდა და მისი ქვეყანა სამოქალაქო ომის პირას იყო მისული.

ჩურკინმა, ამასთან აღნიშნა, რომ იანუკოვიჩი განსაკუთრებით განიცდიდა ყირიმში შექმნილ მდგომარეობას.

რუსმა ელჩმა უშიშროების საბჭოს წარუდგინა ეს დოკუმენტი და ამის შემდეგ მან თარჯიმნის საშუალებით გააგრძელა წერილის კითხვა:

ჩურკინი კითხულობს იანუკოვიჩის წერილს:
“დასავლეთის ქვეყნების გავლენით უკრაინაში ტერორისა და ძალადობის აქტები ხორციელდება. ხალხს, ენის და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე დევნიან. ამ კონტექსტში, მე ვთხოვ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გამოიყენოს შეიარაღებული ძალები და ლეგიტიმურობა, მშვიდობა, კანონი და წესრიგი აღადგინოს უკრაინელი ხალხის დასაცავად.”

რუსმა ელჩმა განაცხადა, რომ მოსკოვის მოქმედებები ყირიმში მილიონობით რუსეთის მოქალაქის და რუსულენოვანი ადამიანის დაცვაზე იყო აქცენტირებული.

ჩურკინი არ მოერიდა “ექსტრემისტების” და “შეიარაღებული ნაციონალისტი რადიკალების” ხსენებას, რომლებიც მისი აზრით უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქებს ატერორებდნენ. მოსკოვი კი ანალოგიური სცენარის თავიდან აცილებას ცდილობდა ყირიმში.

გაეროში უკრაინის ელჩმა იური სერგეევმა გააპროტესტა უკრაინაში 16 000 რუსი სამხედრო პერსონალის ყოფნა და თქვა, რომ ისინი უკრაინაში ზღვით და ჰერით ჩამოვიდნენ.

ჩურკინმა აქ მას უპასუხა, რომ რუსეთ-უკრაინის შეთანხმების წყალობით, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს განკარგავს, რუსეთს უკრაინაში 25 000 სამხედრო პერსონალის დისლოკაციის უფლება აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსმა კანონმდებლებმა შეიარაღებული ძალების გამოყენებას მისცეს ხმა, ეს არ ნიშნავს რომ ისინი ამ ზომას განახორციელებენ.

მკაფიო გზავნილები ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს სამანტა პაუერს, რომელმაც ირონიულად აღნიშნა, რომ ჩურკინის შემხედვარე უჩნდება შთაბეჭდილება, რომ მოსკოვი გაეროს გენერალური მდივნის “სწრაფი რეაგირების [დამხმარე] ძალად” იქცა.

პაუერი: რუსეთის სამხედრო მოქმედება არ არის ადამიანის უფლებების დაცვის მისია. არამედ პირიქით, ის უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს. რუსეთი უგულვებელყოფს ჰელსინკის ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებებს და მის გაეროს წინაშე ნაკისრ პასუხისმგებლობას

გაარკიტიკა რა, უკრაინის განდევნილი პრეზიდენტის ფიქტიური მოთხოვნა რუსეთის დახმარებაზე, ელჩმა პაუერმა თქვა, რომ უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, გარე ძალების ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ უკრაინის პარლამენტი ამტკიცებს.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ ლაილ გრანტმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ქმედებას გამართლება არ აქვს საერთაშორისო სამართალში, და ის უკრაინასთან დადებულ შეთანხმებასთან მოდის წინააღმდეგობაში.

რუსეთის მთავარ მოკავშირეს გაეროში-ჩინეთს-მოსკოვი არ გაუკრიტიკებია, არამედ პეკინის ელჩმა გაეროში მხოლოდ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ჩაურევლობის პრინციპს იცავს და აღიარებს ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

გაერომ კიევში სახელმწიფო მდივნის მოადგილე გაგზავნა. ამ ფონზე, დიპლომატები კრიზისის დაუყოვნებლივი დე-ესკალაციისკენ მოუწოდებენ.