ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰენრიკ სუჩარი: „ევროპის რეაქციებში უმწეობის გრძნობა ჭარბობს“


რუსი ოკუპანტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, უკრაინის ტერიტორიაზე
რუსი ოკუპანტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, უკრაინის ტერიტორიაზე

პოლონელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ დასავლეთს რეალურად არ აქვს სერიოზული ბერკეტები რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს

ყირიმში რუსული საუკუპაციო ჯარების შეჭრისა და უკრაინის კრიზისის ფონზე, ნატოს პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩათვალა, რომ მოსკოვის აგრესიული ქმედებები პირდაპირ, მის უსაფრთხოებას ემუქრება, პოლონეთია.

ვარშავამ უკვე მიმართა ჩრდილოატლანტიკულ ალიანსს, საგანგებო შეკრების თაობაზე. ასევე მოახდინა, შეიარაღებული ნაწილების გარკვეული გადაჯგუფება აღმოსავლეთის მიმართულებით.გუშინ პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომაროვსკიმ ყირიმის კრიზისზე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის აზრიც მოისმინა.

„ამერიკის ხმა“ დაინტერესდა რა განწყობებია პოლონეთის პოლიტიკურ წრეებში. ჩვენი რესპოდენტი, ქვეყნის ყველაზე მაღალტირაჟიანი, ყოველკვირეული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის Angora-ს, საერთაშორისო მიმომხილველი ჰენრიკ სუჩარია, რომელსაც ვარშავაში დავუკავშირდით.

ჰენრიკ სუჩარი ამბობს, რომ პოლონეთში ამჟამად ხშირად იხსენებენ, აწ უკვე გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მიერ, 2008 წლის 12 აგვისტოს, თბილისში წარმოთქმულ სიტყვებს. კაჩინსკი როგორც ცნობილია, 2010 წლის აპრილში სმოლენსკთან, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

„ლეხ კაჩინსკი მაშინ თბილისში მიტინგზე გამოვიდა, სადაც ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინის პრეზიდენტები ჩაიყვანა. მან თქვა, რომ თუ საქართველოს ასე შევატოვებთ რუსეთს და არაფერს მოვიმოქმედებთ, რუსეთი მომავალში ასევე შეიჭრება უკრაინაში, მერე ბალტიისპირეთსა და ბოლოს, პოლონეთშიცო.

პოლონეთში ახლაც მიმდინარეობს დისკუსია ლეხ კაჩინკის ამ შეხედულების მართლზომიერების თაობაზე. მე მაინც ვფიქრობ, ახლა ისტორიულად სხვა სიტუაციაა და ნაკლებად სავარაუდოა ასეთი რამის განხორციელება.

რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირი და მეორეც, ქვეყნების უმრავლესობა, რომლებიც კაჩინსკიმ მაშინ ახსენა, კარგა ხანია, ჩრილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან. მათ აქვთ უსაფრთხოების გარანტიები. აგრესიის შემთხვევაში, ვაშინგტონის ხელშეკრულების მეოთხე პუნქტის მიხედვით, დასახმარებლად სამხედრო ბლოკის ყველა ქვეყანა გამოვა.

ჰენკირ სუჩარი, რომელიც პოლონეთში ერთ-ერთი ცნობილი საერთაშორისო ექსპერტია ამბობს, რომ ყირიმის კრიზისზე, ვარშავისა და საერთოდ ევროპის რეაქციებში უმწეობის გრძნობა ჭარბობს.

„უკრაინის კრიზისს პოლონეთში ყველა შეშფოთებული ადევნებს თვალს, ისეთი გრძნობით თითქოს ძნელად ეჯერებათ, რომ ასეთი რამ შეიძლება ევროპაში მოხდეს. შეიძლება ითქვას, რომ ასევე არის უმწეობის გრძნობაც.

იქედან გამომდინარე, რომ არის ნატოს ბლოკი, „გავლენიანი“, „ყოვლისშემძლე“ ძალები დასავლეთში, რომლებსაც დიდი შეიარაღებული ძალები ჰყავთ და ამ დრომდე არავინ ინძრევა, რომ რაღაცნაირად მკვეთრი რეაქცია ჰქონდეს რუსეთის აგრესიაზე.

პირიქით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, „შეიძლება რუსეთი რაღაცაში მართალიც არის და უნდა გავუგოთ“?! პოლონურ მედიაში, შვედეთის პრემიერ რაინფელდტის ციტირებას ახდენენ ამ კუთხით, რომელიც მერე ამტკიცებდა, რომ სხვა რამე იგულისხმა... რომ თითქოს რუსეთს აქვს რაღაც „საკუთარი ინტერესები რომელსაც იცავს“.

ხშირია, მთელი რიგი პოლონელი და ევროპელი პოლიტიკური ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც ამბობენ, რომ „რუსეთს ვერავინ ვერაფერს უზამს, ამიტომ, რასაც უნდა იმას იზამს ყირიმში“. „შეუძლია ყირიმი გადააქციოს იმ სტატუსის ტერიტორიად, როგორიც ახლა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არიან“.

მე ვფიქრობ, რომ არის გარკვეული პესიმიზმი. ნატოს, ევროკავშირის ორგანოები იკრიბებიან. ალბათ, რაღაც გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ, შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გადაწყვეტილებაც იყოს მიღებული, ეკონიმიკური, სავიზო სანქციები...

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს და ამას აქ ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი ევროპის მნიშვნელოვანი და საკვანძო პარტნიორია. ევროპის ბაზრებზე ენერგიის წყაროების ყველაზე დიდი ექსპორტიორი. ასევე უდიდესი იმპორტიორიც, განსაკუთრებით, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან. პოლონეთისთვისაც რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ვაჭრობა ჩვენს შორის ყოველწლიურად, საოცარი ტემპებით იზრდება.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალ დღეებში, კვირეებში, დასავლეთის სხვადასხვა რეაქციების მომწმენი გავხდებით, თუმცა, მგონია რომ ამ ყველაფერს მაინც შევხედავთ, რაც უკვე ვთქვი, გარკვეული უმწეობის გრძნობით“.

ჩვენ დავინტერესდით, არის თუ არა დღევანდელი კრიზისი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სერიოზული მარცხი? რუსეთის მიერ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“, ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოების იდეის დისკრედიტირება? ვის მიჰყავს ანგარიში ვაშინგტონ-ბრიუსელსა და მოსკოვს შორის არსებულ დაპირისპირებაში?

„მე ვფიქრობ, რომ დღეს ფრეა, იმ გაგებით, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია სრულიად სხვაა, ვიდრე ეს საბჭოთა კავშირის არსებობის დროს იყო. დასავლეთს და იგივე, პოლონეთს აქვს გარკვეული გავლენა იმ ტერიტორიებზე, რომელიც ადრე მხოლოდ კრემლს ემორჩილებოდა.

მხედველობაში მაქვს, იგივე უკრაინა, მოლდოვა, კავკასია, შუა აზია. ამ რეგიონებში რუსეთი უკვე ვეღარ თამაშობს მონოპოლიურ როლს, აქ სხვა ძალები და სხვა ქვეყნებიც არიან წარმოდგენილი.


რა შეეხება, „აღმოსავლეთის პარტნიორობას“, ეს არის, ასე ვთქვათ, შვედეთის და პოლონეთის „შვილობილი პროექტი“, ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვუჭერთ ამას მხარს. თუმცა, დღეს რთულია ზუსტად შეაფასო რა მოხდა. შეიძლება საჭირო იყო უფრო ხისტი, უფრო დინამიური მოქმედებები, რომ ქვეყნები, ვისთვისაც განკუთვნილი არის ეს პოლიტიკა, უკვე ჩართულები ყოფილიყვნენ ჩვენს ცივილიზირებულ ბლოკში.

ვიტყოდი, რომ ეს სანახევროდ გამოვიდა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს ევროპული პოლიტიკის ტოტალური წარუმატებლობაა, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ადრე სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ.“

ჰენრიკ სუჩარი, რომლიც ზედმიწევნით კარგად იცნობს საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, არ იზიარებს ზოგიერთი ექსპერტის მოლოდინს, რომ ყირიმის მოვლენებმა, შეიძლება, საქართველოს აფხაზეთის და ცხივნალის რეგიონის დაბრუნების შანსი მისცეს.

„ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები რეალური ყოფილიყოს, რომ დასავლეთი, ყველა ქვეყანა, ამერიკასთან ერთად, უფრო აქტიურად ჩართულიყო და საქართველოს სასარგებლოდ გადაეწყვიტა ეს საკითხები, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.

რუსეთი მაინც რჩება საერთაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელოვან წევრად, ის ძლიერი ეკონომიკური პარტნიორია. როგორც პოლიტიკური მოთამაშე, ასევე მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ იგივე, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს სხვა წერტილებში.

მე ვფიქრობ, რომ დასავლეთს რეალურად არ აქვს სერიოზული ბერკეტები, რომ რუსეთზე სერიოზული ზეწოლა მოახდინოს, რომ რუსეთმა საკუთარი პოლიტიკა კარდინალურად შეცვალოს და რაიმე დათმობაზე წავიდეს ან საქართველოსთან ან ახალ ხელისუფლებასთან კიევში. რუსეთი არის უაღრესად რთული პარტნიორი და ასეთად დარჩება“.
XS
SM
MD
LG