დღეს “ოპეკი” (ნავთობის ექსპორტიორი სახელმწიფოების ორგანიზაცია) და რუსეთი ნავთობის მოპოვების სარეკორდო შეკვეცის საკითხს განიხილავენ, რათა კორონავირუსის კრიზისისგან ჩამოშლილ საწვავის ფასებს უშველონ. მაგრამ, მოლაპარაკებებს შიდა უთანხმოებები და შეერთებული შტატების მხრიდან, ნებისმიერ ზომაში მონაწილეობის მიღების სურვილის არქონა ართულებს.
ვირუსთან ბრძოლის ღონისძიებებმა გააჩერა საჰაერო ტრანსპორტი, შეამცირა ავტომობილების გამოყენება და შეზღუდა ეკონომიკური აქტიურობა. ამის გამო მსოფლიოში საწვავზე მოთხოვნა 30 პროცენტით დაეცა.
გასულ თვეში “ბრენტის” მარკის ნედლ ნავთობზე ფასი, ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა და ბარელი დაახლოებით 34 დოლარად იყიდება. ეს 2019 წლის ბოლოს არსებული ფასის ნახევარია. ამ ვითარებამ ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების ბიუჯეტებს და შეერთებული შტატების მაღალი თვითღირებულების მქონე, შელფური ნავთობის ინდუსტრიას მძიმე დარტყმა მიაყენა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ შუამავლის როლი შეასრულა “ოპეკის” ლიდერ საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის შეთანხმებაში, რომლითაც შესაძლებელი იქნება ნავთობის მოპოვება დღეში 10-დან 15 მილიონ ბარელამდე, ანუ გლობალური მიწოდების 10-დან 15 პროცენტამდე შეიკვეცოს, რაც ნავთობის მოპოვების უმაგალითო შემცირებაა.
“ოპეკის” წყაროებმაც მიანიშნეს, რომ ასეთი დიდი შეკვეცა შესაძლებელი იყო, თუ მას შეერთებული შტატებიც შეუერთდებოდა. თუმცა, ვაშინგტონს ამისთვის მზაობა ჯერ არ უჩვენებია.
კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ “თითქმის შეუძლებელია” ახალი შეთანხმება სხვების მონაწილეობის გარეშე შედგეს.
ვაშინგტონმა განაცხადა, რომ დაბალი ფასების გამო, მოპოვება თანდათან მცირდება, რაზეც მოსკოვი ამბობს, რომ ეს იგივე არ არის, რაც მოპოვების შეკვეცა.
ექსპერტები მიუთითებენ, რომ ნავთობის მოპოვების დიდი შეკვეცებიც კი არ იქნება საკმარისი და მათი პროგნოზით, ბარელ ნავთობზე ფასი შესაძლოა 20 დოლარამდე, ან უფრო ქვემოთაც დაეცეს.
პრეზიდენტ ტრამპს, ამერიკული ნავთობის მოპოვების შეკვეცის არანაირი სურვილი არ გამოუჩენია, ამის ნაცვლად მან განაცხადა, რომ თუ საუდის არაბეთი და რუსეთი მოპოვებას არ შეკვეცენ, მას ბევრი ვარიანტები აქვს. ამერიკელმა სენატორებმა თეთრ სახლს მოუწოდეს რიადს სანქციები დაადოს, ამ სამეფოდან ამერიკული ჯარი გამოიყვანოს და საუდის არაბეთის ნავთობის იმპორტზე ტარიფები დააწესოს.