ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები და რუსეთი ნავთობის ბაზარზე შექმნილ ვითარებას განიხილავენ


შეერთებული შტატების და რუსეთის ენერგეტიკის დარგის მესვეურებს შორის ნავთობის საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნედლ ნავთობზე ფასები ისეთ დონემდე დაეცა, როგორიც ბოლოს ორი ათეული წლის წინ იყო. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ “წყალზე იაფი” ნავთობი მრეწველობას ზიანს აყენებდა.

ნავთობის ფასები იანვარში დაფიქსირებულ ფასებთან შედარებით, თითქმის 70 პროცენტით დაეცა. ნავთობზე მოთხოვნა შეამცირა, კორონავირუსის გამო შემოღებულმა გადაადგილების შეზღუდვებმა და საუდის არაბეთის და რუსეთის მიერ ბაზარზე ნავთობის დიდი რაოდენობით გამოტანამ. ეს ქვეყნები ბაზრის წილებისთვის რბოლაში არიან ჩართული და ნავთობის მიწოდების შეზღუდვაზე მიღწეული შეთანხმების ჩამოშლის შემდეგ, ბაზარი ნავთობით გადააჯერეს.

შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივანი დენ ბროილეტი თავის რუს კოლეგა ალექსანდრე ნოვაკს ფასის დაცემის საკითხზე დაელაპარაკა. ისინი შეთანხმდნენ, რომ შემდგომში ექნებათ დისკუსიები, რომელშიც მსოფლიოში ნავთობის წამყვანი მომპოვებლები და მომხმარებლები ჩაერთვებიან.

ეს საუბარი, ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის მეორე დღეს შედგა, როდესაც პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მათი ქვეყნების ენერგეტიკის დარგის უმაღლესი თანამდებობის პირები, ნავთობის გლობალურ ბაზარზე შექმნილ რთულ ვითარება განიხილავდნენ.

სამშაბათს ტრამპმა თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნავთობის ფასების ვარდნის თობაზე საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ჩაერთვება. ახლანდელი ფასები ადგილს არ ტოვებს ისეთი ნავთობისთვის, რომლის მოპოვებაც მეტ ხარჯთან არის დაკავშირებული, კერძოდ ამერიკული შელფური ნავთობისთვის, რომლის მოპოვებაც ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა.

ოთხშაბათს, ნედლი ნავთობის ფასი, ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე, ბარელზე 25 დოლარზე დავარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG