საუდის არაბეთმა ჟურნალისტის მკვლელობის მიზეზი ისევ შეცვალა

სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული დისიდენტი ჟურნალისტის შესახებ ახალი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. ფირი, რომელიც თურქეთის უსაფრთხოების კამერებითაა გადაღებული, დღეს ტელეკომპანია "სი-ენ-ენმა" გაუშვა.

თურქეთში ფიქრობენ, რომ ადამიანი, რომელიც საკონსულოს შენობას 2 ოქტომბერს ტოვებს, არ არის ჯამალ ხაშოგი, არამედ მის ტანსაცმელში გადაცმული საუდის არაბეთის აგენტია. ეს ყოველივე, სავარაუდოდ, საელჩოს შენობაში მომხდარი მკვლელობის კვალის დასაფარად გაკეთდა.

თავიდან საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ 59 წლის ჟურნალისტმა შენობა დატოვა და მის შესახებ არაფერია ცნობილი. ახლა რიადმა ჩვენება შეცვალა. ახალი ვერსიით, ჯამალ ხაშოგის დაპირისპირება მოუვიდა საკონსულოს თანამშრომლებთან. გაწევ-გამოწევის და მისი გაკავების დროს, რომ საკონსულოდან არ გასულიყო, ის შემთხვევით გაიგუდა.

დისიდენტი ჟურნალისტი საუდის არაბეთის უფლისწულის და მის მიერ გატარებული პოლიტიკის კრიტიკის გამო, შეერთებულ შტატებში გაიქცა და ნებაყოფლობით დევნილობაში ცხოვრობდა. ხაშოგი თანამშრომლობდა "ვაშინგტონ პოსტთან" და იქ აგრძელებდა კრიტიკული მასალების გამოქვეყნებას.

2 ოქტომბერს ხაშოგი ქორწინების საბუთების გასაფორმებლად, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოში შევიდა. მას გარეთ საცოლე ელოდა. ამ დღის შემდეგ ხაშოგი აღარავის უნახავს.

მომხდარის შესახებ საცოლემ სასწრაფოდ შეატყობინა თურქეთის ოფიციალურ პირებს. თურქეთმა იმავე დღეებში, თავიდანვე განგაში ატეხა და აცხადებდა, რომ ხაშოგი მოკლულია. გამომძიებლები ფიქრობენ, რომ ის ჯერ აწამეს, შემდეგ მოკლეს. ხაშოგის გვამი კი მათი ვარაუდით, დაანაწევრეს და გადამალეს.