თურქეთი და საუდის არაბეთი ერთობლივი ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების საქმეს გამოიძიებს. საუდელი ჟურნალისტი 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა და შემდეგ გაუჩინარდა.
ორივე ქვეყნის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ კვირა საღამოს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და საუდის არაბეთის მეფე სალმანმა სატელეფონო საუბარში ჟურნალისტის გაუჩინარების საქმე განიხილეს. მათ ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი საკონსულოში შევიდა.
თურქეთის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს, საუდის არაბეთი კი აცხადებს, რომ ჟურნალისტმა საკონსულოს შენობა საკუთარი ფეხით დატოვა. დღემდე არც ერთ მხარეს საკმარისი სამხილი არ წარმოუდგენია საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად.
ამერიკელი სენატორების ნაწილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთოს ჟურნალისტის გაუჩინარების გამოძიების საკითხში. ეს კი შესაძლოა საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენლებისა და ინსტიტუტების მიმართ სანქციების საფუძველიც კი გახდეს.
ჯამალ ხაშოგი, საკუთარი სურვილით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებს აფარებდა თავს. ის საუდის არაბეთის მთავრობის და პრინც მოჰამედ ბინ სალმანის აქტიური კრიტიკოსი იყო.
Facebook Forum