მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს, ამიერკავკასიაში მინერალური სასუქებისა და ქიმიქატების მწარმოებელი უმსხვილესი ქიმიური საწარმო რუსთავის „აზოტი“ ისევ გაჩერებულია. „აზოტის“ 2000-მდე თანამშრომელი 27 აპრილიდან გაფიცულია და ხელფასის 50%-იან მატებას ითხოვს.
საწარმოს ადმინისტრაციასა და კოლექტივს შორის ყველა შეხვედრა ამ დრომდე უშედეგოდ დასრულდა. 1 მაისს, „აზოტის“ მენეჯმენტმა გაფიცულებს ახალი წინადადებით მიმართა და კატეგორიების მიხედვით, ხელფასის 125-დან 250 ლარამდე მატება და სააღდგომოდ 50 ლარიანი პრემიის ჩარიცხვა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.
ადმინისტრაციამ ასევე პირობა დადო, რომ გაფიცვის დღეებში განაცდურს არ დააკავებდა, თუ გაფიცულები შეთავაზებას დათანხმდებოდნენ და საწარმო საქმიანობას გააგრძელებდა. ამ ეტაპზე მოლაპარაკება ისევ ჩაიშალა.
ჩვენი მოთხოვნა იყო ხელფასების 50%-იანი მატება, გამოდის რო ისევ დაგვცინიან, საწარმო იმიტომ არ გავაჩეროთ რო 100 ლარზე გვევაჭრა, იმდენს ვითხოვთ რაც ჩვენი შრომით გვეკუთნის. ლარი კატასტროფულად გაუფასურდა, ხელფასს ინფლაცია ჭამს, ყველაფერი გაძვირდა, არ გვყოფნის, ამ პირობებზე არ ვართ თანახმა!ლევან ცუხიშვილი, რუსთავის "აზოტის" თანამშრომელი
„ჩვენი მოთხოვნა იყო ხელფასების 50%-იანი მატება, გამოდის რო ისევ დაგვცინიან, ვისაც 1000 ლარამდე აქვს ხელფასი იმას 250 ლარს უმატებენ, საიდანაც ხელზე 200 ლარის აღებას შეძლებს. ვისაც 1500 ლარამდე აქვს, იმას 125 ლარით, რეალურად კი 100 ლარით მოვუმატებთო. სირცხვილია, ხალხო!
ხმამაღლა ვამბობ, რომ საწარმო იმიტომ არ გავაჩეროთ რო 100 ლარზე გვევაჭრა, იმდენს ვითხოვთ რაც ჩვენი შრომით გვეკუთნის. ლარი კატასტროფულად გაუფასურდა, ხელფასს ინფლაცია ჭამს, ყველაფერი გაძვირდა, არ გვყოფნის, ამ პირობებზე არ ვართ თანახმა! ახლა ცდილობენ კოლექტივის გახლეჩას, რომ ვინმე იქნებ დაითანხმონ“ - ამბობს „აზოტის“ თანამშრომელი ლევან ცუხიშვილი.
„აზოტის“ გაფიცული კოლექტივის მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევს მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები. პროფკავშირების მონაცემებით, „აზოტში“ საშუალო ხელფასი 750 ლარია და ბოლო ხუთ წელიწადში, ხელფასების მატება მხოლოდ ერთხელ, 2019 წელს მოხდა, ისიც 70 ლარით.
პროფკავშირების განცხადებით, 2016 წლიდან „აზოტმა“ ექსპორტზე თითქმის 400 მილიონი დოლარის აზოტოვანი სასუქები გაიტანა, მათ შორის, პანდემიურ 2020 წელს, 72 მლნ დოლარის პროდუქცია გაყიდა. „აზოტი“ საკუთარ პროდუქციას უცხოურ ვალუტაში ყიდის, ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაცია კი საწარმოას დოლარის რესურსის დარეზერვების საშუალებას აძლევს - მიაჩნიათ პროფკავშირებში.
აზოტელთა მოთხოვნა ხელფასების მატებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სამართლიანიამეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები
„თუ სახელფასო ფონდი შეადგენს ვთქვათ 2 მილიონ ლარს, ხელფასის გასაცემად კომპანიას ლარის შეძენა 2017 წელს 2,38 კურსით შეეძლო 840 336 დოლარის ფასად, ხოლო დღეს იგივე რაოდენობის ლარის შესაძენად 581 395 დოლარიც საკმარისია, ანუ გამოდის რომ კომპანიას ყოველთვიურად 258 941 დოლარი გამოუნთავისუფლდა. აზოტელთა მოთხოვნა ხელფასების მატებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სამართლიანია“ - ვკითხულობთ მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების განცხადებაში.
რუსთავში ‘აზოტის“ კოლექტივის გაფიცვას წინ უსწრებდა, მაღაროელთა სამ დღიანი გაფიცვა ჭიათურაში. 3000-მდე გაფიცული აქაც ხელფასების 50%-იან ზრდას ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ დამსაქმებელი კომპანიის „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებას დათანხმდა, ხელფასების 25%-ით, საშუალოდ, 250 ლარით გაზრდაზე. ეს შეთანხმება ძალაში 1 მაისიდან შევიდა.
„ჯორჯიან მანგანეზი“, რომლის საკუთრებაშიც არის ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ლუქსემბურგში რეგისტრირებული „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ საკუთრებაა, თუმცა 2017 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიას სახელმწიფო მმართველი ჰყავს დანიშნული.
რუსთავის „აზოტი“ კი 2016 წელს, „საქართველოს ბანკთან“ დაახლოებულმა კომპანია „ე უ ინვესთმენთმა“ აუქციონის წესით შეიძინა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა მფლობელმა რომან ფიფიამ „აზოტის“ საბანკო ვალდებულებები ვერ დაფარა.
ფიფიამ „აზოტის“ აუქციონზე გაყიდვის გამო „საქართველოს ბანკს“ 2018 წელს უჩივლა, როგორც საქართველოში, ისე ინგლისისა და უელსის სასამართლოში და სავარაუდოდ, მიყენებული ზიანის გამო - 287 მილიონ დოლარს ითხოვდა. ორივე სასამართლო დავა რომან ფიფიამ წააგო, საქართველოში 2020 წლის დეკემბერში და ინგლისში 2021 წლის 19 აპრილს.