რუსული დაბომბვის შედეგად, ხერსონში მოკლულია ერთი და დაჭრილია ექვსი ადამიანი

რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთ რეგიონის ხერსონის დაბომბვას, ღამით, სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ექვსი დაშავდა. მათ შორის ორი ბავშვია, განაცხადა ორშაბათს რეგიონის გუბერნატორმა.

"ტელეგრამში" გამოქვეყნებულ განცხადებაში, გუბერნატორმა, ოლექსანდრ პროკუდინმა თქვა, რომ რუსეთის ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 71 თავდასხმა განახორციელა. ადგილობრივი მთავრობის თქმით, რუსეთს მიზანში ჰქონდა ამოღებული საცხოვრებელი უბნები, ასევე მაღაზიები, სამედიცინო ინფრასტრუქტურა და სხვა სამოქალაქო დაწესებულებები.

გუბერნატორის თქმით, თავად ქალაქ ხერსონზე 20 საჰაერო და სახმელეთო შეტევა განხორციელდა. შეტაკებების შედეგად გაჩენილი ცეცხლი კი ადგილობრივმა მაშველებმა დილასვე ჩააქრეს.

გასული წლს ნოემბერში, რამდენიმეთვიანი ოკუპაციის შემდეგ, უკრაინამ შეძლო რუსული ჯარების ხესრონიდან განდევნა. თუმცა, რუსეთის ჯარებმა განაგრძეს რეგიონის დედაქალაქისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვა.

გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლო სააგენტო "როიტერმა". რუსულმა მხარემ კი არ ისურვა მომხდართან დაკავშირებით, მათთან კომენტარი გაეკეთებინა.