რუსეთმა 30 უკრაინელს გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის მთავარი გამომძიებელი ამბობს, რომ 30 უკრაინელს, რომლებიც რუსების ტყვეობაში არიან, გრძელვადიანი პატიმრობა შეეფარდათ. გამომძიებლის თქმით, უკრაინელებს ბრალი ომის დანაშაულებების ჩადენაში ედებათ, მათ შორის, სამოქალაქო პირების დახოცვაში.

ალექსანდრ ბასტრიკინი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, რაც იგივე ტიპის აღმასრულებელი ორგანოა, როგორიც ამერიკული გამოძიების ფედერალური ბიური, ამბობს, რომ ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში სასამართლო და პოლიცია აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი ადამიანები დააკავოს.

"მარიუპოლისა და სხვა დასახლებების გათავისუფლების შემდეგ, ბევრი უკრაინელი ნაციონალისტი ჩაგვბარდა. სამომავლოდაც გავაგრძელებთ მშვიდობისა და ადამიანური უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში მათი ჩართულობის გამოკვლევას, მათ შორის, სამოქალაქო პირების მკვლელობის საქმეებს", - უთხრა რუსმა გამომძიებელმა სააგენტო "ტასს". მისივე თქმით, ოკუპირებული რეგიონების სასამართლოებს ახლა განსახილველად 90 საქმე აქვთ გადაგზავნილი.

ამ ფონზე, ჰააგაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება მიმდინარეობს. საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი მარტში გამოსცა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო გადაყვანისა და გაშვილების ბრალდებით.