"ვაგნერი" მოსკოვისკენ დაიძრა, მას რუსეთის არმია ვერტმფრენებით ებრძვის

"ვაგნერის" დაჯგუფება დონის როსტოვში, რუსეთი. 24 ივნისი, 2023 წ.

რუსეთში "ვაგნერის" დაჯგუფებას და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება გრძელდება. დღეს, 24 ივნისს, რუსეთის არმია ვერტმფრენებით ებრძვის კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ქვედანაყოფებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიიწევენ. საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, ისინი ღამით დონის როსტოვში საკმაოდ იოლად შევიდნენ და ქვეყნის დედაქალაქამდე ნახევარი გზა უკვე გაიარეს.

ასევე ნახეთ: პუტინი ამბობს, რომ რუსეთის მოღალატეები პასუხს აგებენ

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ სამხედრო ამბოხს ბოლოს მოუღებს. შექმნილი ვითარება მან სამოქალაქო ომს შეადარა, რომელიც რუსეთში საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოხდა.

ევგენი პრიგოჟინის მეთაურობით, "ვაგნერის" დაჯგუფება წინა დღით უკრაინიდან რუსეთში გადავიდა. ღამით მათ დონის როსტოვი დაიკავეს, მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქი, რომელიც უკრაინის საზღვრის მახლობლად, რუსეთის სამხრეთით მდებარეობს. დონის როსტოვი რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ლოგისტიკური ჰაბია, საიდანაც ის უკრაინაში მებრძოლ შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს.

"ვაგნერის" მეომრებმა მიმართულება ახლა ჩრდილოეთისკენ აიღეს და წინ სწრაფად მიიწევენ. "როიტერის" ჟურნალისტი ადასტურებს, რომ მან თავისი თვალით დაინახა, თუ როგორ ესროდნენ რუსეთის არმიის ვერტმფრენებიდან "ვაგნერის" შეიარაღებული რაზმების კოლონას, რომელმაც ქალაქი ვორონეჟიც უკან მოიტოვა.

ვორონეჟი მოსკოვიდან სულ 1 000 კილომეტრითაა დაცილებული. ის დონის როსტოვს და მოსკოვს შორის, დაახლოებით შუა გზაზე მდებარეობს.

თავად დედაქალაქ მოსკოვში უსაფრთხოება გაძლიერებულია. წითელი მოედანი რკინის ბარიერებითაა გადაკეტილი.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, პრიგოჟინი ღალატამდე მისმა მზარდმა ინტერესებმა და "მოჭარბებულმა ამბიციებმა" მიიყვანა. "და ის, ვინც გამიზნულად დაადგა ღალატის გზას, ვინც შეიარაღებული ამბოხი მოამზადა, ვინც შანტაჟის და ტერორის მეთოდებს იყენებს, გარდაუვლად დაისჯება, პასუხს აგებს როგორც კანონის, ისე ჩვენი ხალხის წინაშე" - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა 24 ივნისს.

პრიგოჟინის პასუხი

ასევე ნახეთ: პრიგოჟინი: "პრეზიდენტი შეცდა", ჩვენ პატრიოტები ვართ და არ ჩავბარდებით

პრიგოჟინმა პასუხი არ დააყოვნა. „სამშობლოს ღალატს რაც შეეხება, პრეზიდენტი ღრმად შეცდა. ჩვენ საკუთარი სამშობლოს პატრიოტები ვართ. ვიბრძოდით და ვიბრძვით, ეს „ვაგნერის“ ყველა მებრძოლს ეხება. და არავინ არ აპირებს პრეზიდენტის, ფე-ეს-ბეს ან კიდევ ვინმე სხვისი მოთხოვნის გამო, ბრალის აღიარებით გამოსვლას, რადგან არ გვსურს, რომ ქვეყანამ გააგრძელოს კორუფციაში, ტყუილში და ბიუროკრატიაში ყოფნა“ - აცხადებს პრიგოჟინი.

ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ იპარავენ უკრაინაში მეომრებისთვის განკუთვნილ თანხებს რუსი ჩინოვნიკები. თვითონ კი „სხედან და [ამ თანხებით] თავისთვის ეკონომიას აკეთებენ იმ მომენტისთვის, რომელიც დღეს დადგა, როცა ვიღაც მოსკოვზე წავა“ - ამბობს პრიგოჟინი.

„ვაგნერის“ მეთაურის ცნობით, ახლა მის დაჯგუფებას სწორედ ეს ჩინოვნიკები უტევენ თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით. „ვერც არტყამენ, აქეთ-იქით ისვრიან“, აღნიშნავს ის. პრიგოჟინის ფიქრობს, რომ თვითონ და თავისი მებრძოლები პატრიოტები არიან, ისინი კი, ვინც მათ ებრძვის, „არამზადების“ გარშემო შეკრებილი ხალხია.