რუს-ამერიკელ ჟურნალისტს, ალსუ კურმაშევას, რუსეთში წინასწარი პატიმრობა 5 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდა. ჟურნალისტს ბრალად უცხოეთის აგენტების შესახებ რუსეთის კანონის დარღვევა ედება.
ალსუ კურმაშევა პრაღაში მცხოვრები "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" (RFE/RL) ჟურნალისტია. მედიასაშუალებას ამერიკის კონგრესი აფინანსებს. ეს კი საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მისი ჟურნალისტი რუსეთმა უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადოს. რუსული კანონმდებლობით ეს ნიშნავს, რომ იგი პოლიტიკური საქმიანობისთვის, უცხოურ დაფინანსებას იღებს.
კურმაშევას ადვოკატმა ედგარ მათევოსიანმა სააგენტო "როიტერს" განუცხადა, რომ ყაზანის სასამართლოს გადაწყვეტილება "ზედმეტად მკაცრია". ადვოკატის თქმით, ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. გადაწყვეტილების თანახმად, ჟურნალისტი ყაზანის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
"ღრმად იმედგაცრუებული ვართ დღევანდელი მოსმენის შედეგით. ჩვენ მოვუწოდებთ ალსუს დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, რათა ის ოჯახს დაუბრუნდეს", - ნათქვამია "რადიო თავისუფლების" პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჯეფრი გედმინის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოქვეყებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ: რუსეთის რეზოლუციის პროექტი გაეროს უშიშროების საბჭოში ჩავარდაკურმაშევა მეორე ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში დააკავეს. მიმდინარე ომმა, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები, ბოლო 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაიყვანა.
მას შემდეგ, რაც "უოლ სტრიტ ჯორნალის" რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი მარტში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, თითქმის ყველა სხვა ამერიკელმა ჟურნალისტმა რუსეთი დატოვა. ვაშინგტონმა არაერთხელ მოუწოდა სხვა ამერიკელებს დატოვონ რუსეთი.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ კურმაშევას წინააღმდეგ პროცესი, როგორც ჩანს, არის "რუსეთის მთავრობის მოქმედების კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს ავიწროებს". კრემლმა უარყო ეს ბრალდება და კომენტარს შეუსაბამო უწოდა.