უკრაინაზე რუსეთის საჰაერო იერიშები გრძელდება - დაიღუპა ხუთი ადამიანი

რუსეთი უკრაინის ქალაქების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას აგრძელებს. სამშაბათს, 27 აგვისტოს, სარაკეტო და დრონებით განხორციებულ იერიშებს სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ცენტრალურ უკრაინაში, ქალაქ კრივი რიჰში მდებარე სასტუმრო რუსულმა რაკეტამ გაანადგურა. იქ ორი ადამიანი დაიღუპა. ზაპორიჟიაში დრონებით თავდასხმას კი სამი მოქალაქე ემსხვერპლა, ოთხი ადამიანი დაშავდა ხარკივის რეგიონშიც. დნიპროპეტროვსკის გუბერნატორის თქმით, კრივი რიჰის სასტუმროს ნანგრევებში შესაძლოა კიდევ ორი მოქალაქე იყოს.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთს ამ თავდასხმებისთვის სათანადო პასუხს გასცემს. ის მოკავშირეებს მოუწოდებს, გააძლიერონ უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებით და შორი რადიუსის იარაღით. რუსეთმა ორშაბათს განსაკუთრებით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ მან ზუსტი დამიზნების იერიში მიიტანა უკრაინაზე. მოსკოვი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გამუდმებით უარყოფს.

კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, რომ მათ დედაქალაქისკენ დამიზნებული ყველა რაკეტა თუ დრონი ჩამოაგდეს.

ქალაქ კრამატორსკზე მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" გუნდის წევრი - რაიან ევანსი. მასთან ერთად მყოფი ორი ჟურნალისტი კი სასტუმროზე მომხდარი იერიშისას დაშავდა. ევანსი გადამღები ჯგუფის უსაფრთხოების მრჩეველი იყო. ის ბრიტანელი ყოფილი სამხედრო იყო, ვინც "როიტერის" ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე 2022 წლიდან მუშაობდა და უკრაინაში, ისრაელში თუ პარიზის ოლიმპიადისას მათ დაცვას უზრუნველყოფდა.

ევანსი 6-კაციანი ჯგუფის წევრი იყო, რომელიც შაბათს ღამით სასტუმრო "საფირში" დარჩა. ამის შესახებ სააგენტომ თავად გაავრცელა ინფორმაცია. დაშავებულ ჟურნალისტებს საავადმყოფოში მკურნალობენ, ერთი მათგანი მძიმედაა დაჭრილი. გუნდის სხვა სამი წევრი, ვინც ასევე სასტუმროში იყო, თავდასხმისას არ დაშავებულა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმის ზელენსკიმ თქვა, რომ სასტუმროს რუსული "ისკანდერის" ტიპის ფრთოსანი რაკეტა მოხვდა, რომელიც შესაძლოა 500 კმ-ის დაშორებითაც კი მხოვდეს სამიზნეს. თავდაცვის სამინისტროს ამ თემაზე კომენტარის თხოვნაზე პასუხი არ გაუცია.