რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ დაიწყებს აქამდე აკრძალული რაკეტების გამოშვებას. გასულ თვეში ვადა გაუვიდა შეთანხმებას, რომელიც ამ ტიპის იარაღის წარმოებას კრძალავდა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი რაკეტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განალაგებს, თუკი ამას ამერიკის შეერთებული შტატებიც გააკეთებს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, დავამზადებთ ასეთ რაკეტებს, მაგრამ არ განვალაგებთ მათ იმ რეგიონებში, სადაც არ გაჩნდება ამ კლასის, ამერიკის მიერ წარმოებული სახმელეთო სარაკეტო სისტემები“ - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა 5 სექტემბერს, ვლადივოსტოკში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე.
პუტინის განცხადებით, ის შეშფოთებულია ვაშინგტონიდან გაჟღერებული კომენტარებით, სარაკეტო დანადგარების იაპონიაში და სამხრეთ კორეაში განლაგების თაობაზე. შეშფოთების მიზეზად, რუსეთის პრეზიდენტი ასახელებს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კორეა და იაპონია რუსეთთან სარაკეტო თავდასხმისთვის საკმაოდ ახლოსაა.
მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ბრალი დასდო საშუალო რადიუსის ბირთვულ იარაღზე დადებული შეთანხმების მრავალჯერ დარღვევაზე, 2 აგვისტოს ამერიკამ ხელშეკრულება ოფიციალურად დატოვა. შეთანხმება კრძალავდა 500-დან 5 000 კილომეტრამდე რადიუსის, ხმელეთზე ბაზირებულ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს.