იმ დროს, როდესაც მსოფლიოს სახელმწიფოები მოწინავე შეიარაღების შემუშავების რბოლაში არიან ჩართული, ორშაბათს, რუსეთმა გამოაცხადა, რომ ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონის“ კიდევ ერთი წარმატებული გამოცდა ჩაატარა.
რუსეთი, შეერთებული შტატები, საფრანგეთი და ჩინეთი ატარებდნენ ცდებს ე.წ. ჰიპერბგერით პლანერებზე, რომლებიც განსაზღვრულია, როგორც სულ მცირე, 5 მახის სიჩქარის მქონე მიტანის საშუალება.
ასევე ნახეთ: პენტაგონი ამბობს, რომ ჩინეთის ბირთვული არსენალი სწრაფი ტემპით იზრდება
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო ხომალდ „ადმირალ გორშკოვიდან“, ბარენცის ზღვაში, 400 კილომეტრის მოშორებით მდებარე სამიზნის მიმართულებით,რაკეტა „ცირკონი“ გაუშვეს, რაც რუსეთის ჰიპერბგერითი სარაკეტო იარაღის „გამოცდების დასრულების“ ნაწილი იყო.
სამინისტრომ განაცხადა, რომ „სამიზნე განადგურდა“ და გამოცდა წარმატებულად დაახასიათა.
ბოლო დროს რაკეტა რამდენჯერმე გამოსცადეს და რუსეთი გეგმავს „ცირკონით“ ხომალდები და წყალქვეშა ნავები აღჭურვოს.
პუტინმა ახალი იარაღის შემუშავების ფაქტი 2019 წლის თებერვალში, ერისადმი მიმართვაში გაამხილა და თქვა, რომ მას შეუძლია სამიზნეები ზღვაში და ხმელეთზე 9 მახი სიჩქარით, 1000 კილომეტრის რადიუსში გაანადგუროს.
რუსეთის მიერ „ცირკონის“ გამოცდა მას შემდეგ მოხდა, რაც დასავლეთის ქვეყნებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ივლისში, ჩინური ჰიპერბგერითი პლანერის საცდელი ფრენა, სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე ფრენის დროს რაკეტის გაშვებით დამთავრდა, რომელიც ბგერის სიჩქარეს 5-ჯერ აჭარბებდა.
იმ გამოცდამდე, არცერთ წამყვან სახელმწიფოს არ უჩვენებია ისეთი შედეგი, როგორიც ფრენის დროს რაკეტის გაშვებაა.
ჩინეთმა ეს ინფორმაცია უარყო და ამბობს, რომ მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის გეგმური გამოცდა ჩაატარა.
რუსეთმა გამოაცხადა, რომ მუშაობს რამდენიმე იარაღზე, რომელსაც არსებული თავდაცვის სისტემების გადალახვა შეუძლია, მათ შორისაა საკონტინენტშორისო რაკეტები „სარმატი“ და „ბურევესტნიკ“ ფრთოსანი რაკეტები.
დასავლელმა ექსპერტებმა 2019 წელს, რუსეთის ჩრდილოეთში მდებარე პოლიგონზე მსხვერპლის თანხლებით მომხდარი აფეთქება, რომელსაც ადგილობრივი რადიაციის დონის მკვეთრი ზრდა მოჰყვა, „ბურევესტნიკ“ ბირთვულ ძრავიან ფრთოსან რაკეტას დაუკავშირეს.