ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი ამბობს, რომ ჩინეთის ბირთვული არსენალი სწრაფი ტემპით იზრდება


პენტაგონის ანგარიში გაფრთხილებას შეიცავს იმის თაობაზე, რომ ჩინეთის სწრაფად მზარდი ბირთვული არსენალი ბევრად უფრო სწრაფი ტემპით ფართოვდება, ვიდრე ერთი წლის წინ იყო შეფასებული. იმავდროულად, ახალი ჩინური სამხედრო მოდერნიზაციის გეგმას შეეძლება პეკინი „ტაივანში უფრო დამაჯერებელი სამხედრო ოპერაციებით“ უზრუნველყოს.

ჩინეთის ბირთვული შესაძლებლობების გაფართოების აჩქარებულმა ტემპმა, შესაძლოა პეკინს 2027 წლისთვის 700-მდე ბირთვული ქობინი მისცეს. პენტაგონის მიერ კონგრესისთვის მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშში - „ჩინეთის სამხედრო ძალა“, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ პეკინის მიზანია 2030 წლისთვის, სულ მცირე 1000 ბირთვული ქობინი იქონიოს.

ეს ტემპი ბევრად აჭარბებს პენტაგონის მიერ 2020 წელს გაკეთებულ შეფასებას, რომელიც ამბობდა, რომ ჩინეთის ბირთვული არსენალი 200-ზე ცოტა მეტ ერთეულს შეიცავდა და ათწლეულის ბოლოსთვის მის გაორმაგებას ვარაუდობდნენ.

შეერთებული შტატების ბირთვული არსენალი, რომელიც დაახლოებით 3800 ქობინს შეიცავს, მზადყოფნაშია და ჩინეთის არსენალს მაინც ბევრად აჭარბებს.

პენტაგონის ანგარიში 2020 წლის დეკემბრამდე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა და არ შეიცავს ინფორმაციას ჩინეთის ჰიპერბგერითი იარაღის გამოცდის შესახებ, რომელიც ჩინეთმა გასულ ზაფხულში ჩაატარა. აშშ-ს უმაღლესმა სამხედრო პირმა ამ გამოცდის შესახებ თქვა, რომ „მთელი ჩვენი ყურადღება მისკენაა მიპყრობილი“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG