რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობის შესახებ საუბრობს

მოსკოვი აცხადებს, რომ საქართველოში "გარე აქტორები" დესტაბილიზაციას ცდილობენ. ეს მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში გამართული არჩევნები არ წარმოაჩენს ქართველი ხალხის ნებას და აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ ლიდერობს, „რუსული სპეცოპერაციის“ შედეგია.

კრემლის პრესსპიკერი პესკოვი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ბევრი ქვეყნისთვის დესტაბილიზაციის შექმნა სტანდარტად იქცა.

Your browser doesn’t support HTML5

პრეზიდენტი ზურაბიშვილი: არ ვაღიარებ ამ არჩევნებს

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს - მოგეხსენებათ, მრავალი ქვეყნისთვის ეს გახდა სტანდარტი. მცირე ამბავზეც კი ისინი რუსეთს ჩარევაში ადანაშაულებენ. არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არანაირი ჩარევა არ ყოფილა და ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, - ამბობს პესკოვი და დასძენს, რომ საქართველოში დესტაბილიზაციას გარე აქტორები ცდილობენ.

ასევე ნახეთ: ნატო: არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები სრულად უნდა იქნეს გამოძიებული

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართა. ცეკოს მონაცემებით, საპარლამენტო უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა. ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომლმაც პარლამენტში მანდატები მოიპოვა აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.

დღეს თბილისში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლაა დაგეგმილი. აქციის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად, 27 ოქტომბერს გააკეთა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ აპირებს არჩევნების შედეგების აღიარებას.

ასევე ნახეთ: ბლინკენი: საერთაშორისო დამკვირვებლებს [არჩევნების] შედეგები არ გამოუცხადებიათ თავისუფლად და სამართლიანად