რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფების ლიდერი აცხადებს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი "ვაგნერის ჯგუფი" უკრაინის მხრიდან კონტრიერიშისთვის ემზადება. ევგენი პრიგოჟინი მოსკოვს ადეკვატური მხარდაჭერის ნაკლებობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ კიევი აღმოსავლეთში, ბახმუტისკენ კარგად მომზადებულ ქვედანაყოფებს აგზავნის.
ასევე ნახეთ: უკრაინა ბახმუტს არ თმობს, აფეთქება სევასტოპოლში და რუსეთის იერიში ხერსონზეპრიგოჟინმა აუდიო-გზავნილი "ტელეგრამის" არხზე 26 აპრილს გამოაქვეყნა. ის კვლავ აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურებს, რომლებიც მის მებრძოლებს ფრონტის ხაზზე უკიდურესად საჭირო ამუნიციით მომარაგებას უგვიანებენ. "ვაგნერის ჯგუფის" მეთაურის თქმით, ის, რაც მოსკოვში ხდება, "ღალატია".
"დღეს მტრის კარგად გაწვრთნილი ქვედანაყოფები ბახმუტში უკვე გადმოისროლეს... უკრაინის მხრიდან კონტრიერიში გარდაუვალია", - ამბობს პრიგოჟინი თავის აუდიო-გზავნილში. მისი თქმით, იერიში კიევის მხრიდან დაახლოებით 2 მაისის შემდეგაა მოსალოდნელი, როცა ამინდი გაუმჯობესდება და მიწა უფრო გამაგრდება. პრიგოჟინი ასევე ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მისი ძალები უკრაინის შეტევებს წინ აღუდგებიან.
პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ომის წარმართვის სტრატეგიის გამო აქამდეც აკრიტიკებდა და სვამდა კითხვას, რატომ არ უტევდნენ რუსული ძალები ახლომდებარე სლოვიანსკსა და კრამატორსკს, რათა ბახმუტზე წნეხი შემსუბუქებულიყო. "ვაგნერის ჯგუფის" მეთაური აცხადებდა, რომ მის ძალებში მოსკოვიდან არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, სამჯერ მეტი დანაკარგია.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბახმუტში სტრატეგიული პოზიციები კვლავ მისი კონტროლის ქვეშაა და მათ დათმობას არ აპირებს. "ჩვენ ვუტევთ მტერს, ხშირად მათთვის მოულოდნელად და სტრატეგიული ხაზები კვლავაც გვიჭირავს", - ამბობს ოლექსანდრ სირსკი, უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური. მან განცხადება სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" კვირას, 23 აპრილს გამოაქვეყნა.
"აქ ყველა გმირია. რუსები მძიმე დანაკარგებს განიცდიან... ჩვენ ვანადგურებთ მათ პერსონალს და მათ საიერიშო შესაძლებლობებს", - თქვა სირსკიმ.