უკრაინის სამხედრო ძალები, აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტის გარშემო, რუსული ძალების "სასოწარკვეთილ წინააღმდეგობას“ აწყდებიან, - განაცხადა პარასკევს უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა.
გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ თქვა, რომ ვითარება აღმოსავლეთში დაძაბულია და რუსეთი ბახმუტის სექტორში საუკეთესო დივიზიებს, არტილერიისა და ავიაციის სარეზერვო საშუალებებს გზავნის.
„ჩვენ ვაგრძელებთ შეტევითი მოქმედებებს სხვადასხვა მიმართულებებით, ვიკავებთ დომინანტურ სიმაღლეებს და ტყის ზოლებს, რათა მტერი ბახმუტის გარეუბნებიდან თანდათანობით განვდევნოთ. ამის გაცნობიერების შემდეგ, მტრის ქვედანაყოფები სასოწარკვეთილ წინააღმდეგობას გვიწევენ“, - თქვა სირსკიმ „ტელეგრამზე“.
ასევე ნახეთ: "ვაგნერის" ლიდერი ამბობს, რომ რუსული ტაქტიკა ბახმუტთან მეტ მსხვერპლს გამოიწვევსბახმუტში, დონეცკის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქში, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობდა.
უკრაინელმა სამხედროებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ბახმუტში და მის გარშემო, რუსულ ძალებზე თავდასხმა დაიწყეს.
სირსკიმ გაიმეორა, რომ უკრაინული ძალები ასევე მიიწევენ წინ სამხრეთში. კიევმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევის პირველ კვირაში, კონტროლი დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრ ტერიტორიაზე დაიბრუნა.
რუსეთი ოფიციალურად არ აღიარებს უკრაინის წინსვლას და ამბობს, რომ უკრაინულმა ჯარებმა დიდი დანაკარგები განიცადა, მათ შორის ბახმუტში.