08.08.08: ვინ არის პასუხისმგებელი მარცხზე და ვისზე "გადატყდა ჯოხი"

აგვისტოს ომიდან სამი წელი გავიდა

ხუთ დღეში წაგებული ომიდან სამი წლის შემდეგაც, საქართველოს გაერთიანების პერსპექტივა ისეთივე ბუნდოვანია, როგორც ეს 2008 წელს, მედვედევ-სარკოზის გეგმის ხელმოწერისას იყო. რუსეთის საოკუპაციო ძალები არა თუ რჩებიან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, არამედ ორივე ეს ტერიტორია ნამდვილ სამხედრო ანკლავებად გადააქციეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსებს საქართველოს ნებისმიერ სამოქალაქო თუ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე შეუძლიათ ელვისებური იერიშის მიტანა. ოკუპაციის ზონაში წინააღმდეგობა ნულის ტოლია, გალში, კოდორსა და ახალგორში შემორჩენილი ქართული მოსახლეობა საოკუპაციო რეჟიმის „კანონებით“ ცხოვრობს.

თავის მხრივ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მაინც მიმდინარეობს, რუსეთის გარდა, ეს ანკლავები ოთხმა ქვეყანამ სცნო.

აგვისტოს ომის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგაც, უპასუხოდ რჩება ომის კატასტროფულ შედეგებზე პასუხისმგებლობის საკითხი.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ საქართველოს არცერთ მაღალი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირს აგვისტოს ომში კაპიტულაციის გამო პასუხი არ უგია, ჯოხი მხოლოდ ჯარისკაცებზე გადატყდა.

„აგვისტოს ომის დასრულებიდან სულ რამოდენიმე დღე იყო გასული, როცა ხელისუფლებამ დაიწყო ე.წ „დამნაშავეების“ ძებნა. ძირითადად ჯოხი გადატყდა ჯარისკაცებსა და უმცროს ოფიცრებზე, ასევე იყო რამდენიმე მაიორიც. მათ, რიგ შემთხვევებში, დეზერტირობაში დასდეს ბრალი, რიგ შემთხვევებში კი, სანქციის სახით - ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრეს.

რამდენიმე ათეული სამხედრო მოხვდა ციხეში დეზერტირობის მუხლით. დაახლოებით, 2000-მდე „დეზერტირობის საქმის“ განხილვა მიმდინარეობდა მაშინ სამხედრო პოლიციაში, თუმცა მალევე მიხვდნენ რომ ასე მთელი ჯარი შეიძლებოდა გაესამართლებინათ და შეწყვიტეს ეს პროცესი.

დაახლოებით 2000-მდე სამხედრო „უღირსი საქციელის ბრალდებით“ შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს. ვინ იყო სინამდვილეში რეალური დამნაშავე და ვინ დაუშვა ომის დროს სერიოზული შეცდომები არ იქნა გამოვლენილი.

გაერთიანებული შტაბის უფროსი ბრიგადის გენერალი გოგავა შემდგომ სასაზღვრო პოლიციის უფროსად დაინიშნა. თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა, ისევე როგორც მის მოადგილეებს და სხვა მაღალი რანგის სამხედრო პირებს.

ჯოხი გადატყდა ჯარისკაცებსა და უმცროს ოფიცრებზე, რომელთა მოქმედებაში დეზერტირობის არანაირი ნიშანი არ იყო, ეს სამხედროები გახდნენ არასწორი და არაეფეტური სამოქალაქო და სამხედრო მმართველობის მსხვერპლნი.

ხელისუფლება მაქსიმალურად ეცადა პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოეხსნა იმ არასწორი მოქმედებების გამო, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი. ჩვენ თუ ვეძებთ ვინ არის დამნაშავე და რატომ განვიცადეთ ასეთი მწარე მარცხი ამ კითხვებზე პასუხი სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ გაგვცეს.

რაც შეეხება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების უშუალო პასუხისმგებლობას, რომლებიც რეალურად იღებდნენ გადაწყვეტილებას და თავიანთი ჭკუით მართავდნენ სახელმწიფოს ომის პირობებში, მათ არათუ პასუხისმგებლობა დაეკისრათ, არამედ სიტუაციიდან ისე გამოძვრნენ, რომ ზოგიერთი მათგანი დღესაც თანამდებობაზეა“.

აგვისტოს ომი, გორი

ხუთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ და „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“ წელიწადზე მეტია „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციაშია“ გაერთიანებული.

კოალიციის მიზანია გამოძიებული იქნეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებები, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი (Norwegian Helsinki Committee)​, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა კოალიციასთან ვრცელ ანგარიშში, სახელმწოდებით: „არ შეუძლია თუ არ უნდა?!“ ასკვნის, რომ „ეფექტური საგამოძიებო პროცესი სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდება, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს დანაშაულის ჩადენას და ორივე სერიოზულ დანაშაულებებში პასუხისმგებლობას მხოლოდ მეორე მხარეს აკისრებს“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნათია კაციტაძე ამბობს

„არ უნდათ ან არ აქვთ სურვილი, საქართველოს მხარემ გამოიძიოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი დანაშაულებები.

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ვრცელ ანგარიშს ეს სათაური ჰქვია ზუსტად იმიტომ, რომ მთავარი პირობა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩაერთოს გამოძიებაში, არის ის, რომ ეროვნულ დონეზე, ეროვნულ საგამოძიებო ორგანოებს ან არ უნდა ჰქონდეთ სურვილი გამოიძიონ ან არ შეეძლოს გამოძიების წარმოება.“

2008 წლის ხუთდღიან ომში, საქართველოს 228 სამოქალაქო და 184 სამხედრო პირი მოუკლეს. დღემდე დაკარგულად ითვლება რვა ჯარისკაცი. 150 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა საკუთარი სახლ-კარი, აქედან 30 ათასი დღემდე დევნილად რჩება.

ათეულობით ქართველი სასჯელს ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში დღემდე იხდის. რუსული ოკუპაციის ზონაში კი 12540 კვადრატული კილომეტრი მოექცა, რაც საქართველოს მთელი ტერიტორიის 18 პროცენტზე მეტია.

მაშინ როცა ომის დღეებში საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ოჯახებთან ერთად ქვეყნიდან გარბოდნენ, დღემდე არცერთ მათგანს პასუხი არ უგია.

ამ ფონზე დეზერტირობის ბრალდებით გასამართლებული იქნა 60-მდე ჯარისკაცი, რომლებიც დაემორჩილნენ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შემდეგ დროულად ვერ დაბრუნდნენ დისლოკაციის ადგილზე.

ამ მიზეზით 1500-ზე მეტი ჯარისკაცი იქნა დათხოვნილი შეიარაღებული ძალებიდან, მათ „ბრალის აღიარების სანაცვლოდ“ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და მსხვილი ფულადი ჯარიმები დაეკისრათ.