ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვისი სიმართლე დაადასტურა „ვიკილიქსმა“?


საქართველოს ხელისუფლება ცდილობს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ის სკანდალი, რომელშიც თბილისის მთავარი სტრატეგიული მოკავშირე - ამერიკის შეერთებული შტატები გაეხვა.

მესამე დღეა, ყველა მედია საშუალებით, რომელიც ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება ღია პროპაგანდაა გაჩაღებული, რომ სკანდალურად ცნობილ ინტერნეტ საიტ „ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებული საიდუმლო მასალებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებები ცხინვალის რეგიონში საქართველოს არ დაუწყია.

მმართველი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კულტურის ყოფილმა მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა კერძოდ განაცხადა:

„ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ის, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია და რაზეც არაერთხელ გვქონია განცხადება საერთაშორისო ასპარეზზე, ან ვთქვათ, შიდა დებატებში, ეს არის სრული სიმართლე და როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური ყველა დოკუმენტი, რომელსაც ამ საკითხთან აქვს შეხება, ამას მომავალშიც დაადასტურებს და დღესაც ადასტურებს. ასე, რომ ეს არის, ალბათ ჩვენი გამოხმაურება იმ თემაზე, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია, ჩვენს მედიაშიც და საერთაშორისო მედიაშიც.“

„ვიკილიქსმა“ მორიგი საერთაშორისო სკანდალი კვირას ააგორა, როცა ვებ-საიტმა ამერიკის დიპლომატიური სამსახურების, 250 ათასზე მეტი კონფიდენციალური დოკუმენტი გამოაქვეყნა.

კვირას გამომზეურებულ მასალებში, საქართველო მოხსენიებულია მხოლოდ 2009 წელს გაგზავნილ წერილებში. ყველაზე საინტერესო 2009 წლის სექტემბერში, საფრანგეთში ამერიკის საელჩოს მიერ გაგზავნილი კონფიდენციალური შეტყობინებაა.

იქ საუბარია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველს, საქართველოს პრეზიდენტის ფრანგმა მრჩეველმა კონფიდენციალურად აცნობა, რომ საქართველოს სანაპირო დაცვის ძალები მზად არიან საპასუხო ცეცხლი გაუხსნან სოხუმის სანაპირო დაცვის ძალებს და ოფიციალური პარიზი ამით ძალიან შეშფოთებულია.

კახა კაციტაძე
კახა კაციტაძე

ანალიტიკოსი კახა კაციტაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:

„ეს გლობალიზაციის კიდევ ერთი, რაღაც უცნაური გამოვლინებაა. არსებობს ასეთი ცნება, ექსპონენციალური საფრთხე, რომლის პროგნოზირება შეუძლებელია. ეს საფრთხე თვითონ პროცესების არსშივეა ჩადებული და აუცილებლად მოხდება, მაგრამ, პრინციპულად მისი პროგნოზი შეუძლებელია.

მარტო იმიტომ, კი არა, რომ მეთოდოლოგია გაკლია, უბრალოდ, პრინციპულად შეუძლებელია მისი პროგნოზი და როცა თავს ამოყოფს, მაშინ ხვდები, რასთან გაქვს საქმე. ეს გლობალიზაციის საფასურია, კარგია თუ ცუდია, ამის თქმა ძალიან ძნელია. მაგრამ, ნათელია რომ საიდუმლო ინფორმაციის ასეთი მაშტაბებით გაჟონვა ინტერნეტმა გახადა შესაძლებელი;

ინტერნეტი - კომპიუტერმა; კომპიუტერი - გლობალიზაციამ. მე სუბიექტურად, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ამ მასალების გამოყენება. შეიძლება რაღაც ფორმა მოიძებნოს, მაგრამ ელემენტარულად იმის გამო, რომ თვითონ ამერიკელების მხრიდან, ამ ფაქტის მიმართ დამოკიდებულება ძალიან ნეგატიურია, არა მგონია, რომ ამ დოკუმენტების გამოყენებით, რაღაც სერიოზული შედეგი მივიღოთ. პრინციპში, შეგვიძლია უფრო გული დავიმშვიდოთ, ამას ფსიქოლოგიური შედეგები უფრო ექნება, ვიდრე პოლიტიკური.“

„ვიკილიქსმა“ მასალების ნაწილი მსოფლიოს ოთხ წამყვან გაზეთს - „ნიუ იორკ ტაიმსს“, „ელ პაისს“, „ფიგაროს“,„გარდიანს“ და ჟურნალ „შპიგელს“ გადასცა.

თუმცა ორშაბათს, საქართველოსთან დაკავშირებით, ყველაზე მეტი ცნობა, მოულოდნელად რუსულმა „რუსკი რეპორტიორმა“ გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება სწორედ ამ საიტზე გამოქვეყნებულ პირველ შეტყობინებაზე გაამახვილა, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოთი არის დათარიღებული.

ამ შეტყობინების ავტორი საქართველოში ამერიკის მაშინდელმა ელჩი ჯონ ტეფტია და მასში საუბარია, რომ "სამხრეთ ოსეთის სამხედრო ფორმირებები ქართულ სოფლებს დაესხნენ თავს". პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, ამ შეტყობინებასთან დაკავშირებით აღნიშნა:

„მართლაც, საქართველო იყო მსხვერპლი და არა აგრესორი, როგორც ამის წარმოჩენა სურთ ბევრს ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ზოგიერთს საზღვრებს შიგნითაც. ჩვენ ვიცით, ჩვენი სიმართლე და ძალიან კარგია, თუ ეს სიმართლე მსოფლიოსთვისაც ცნობილია.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრი უკვე გამოეხმაურა „ვიკილიქსის“ ისტორიას და განაცხადა, რომ ამ დოკუმენტების გამოქვეყნება რუსეთს ინტერესებს არანაირ საფრთხეს არ უქმნის.

თავად, „რუსკი რეპორტიორის“ მთავარი რედაქტორი ვიტალი ლეიბინი კი მიიჩნევს, რომ საიდუმლო დოკუმენტები, პირიქით, ამტკიცებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

ლეიბინს, მაგალითისთვის მოჰყავს პოლონელი გენერლის გაგორის განცხადება, 2008 წლის 13 აგვისტოს ვარშავაში, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა „მიიღო უაღრესად ცუდი გადაწყვეტილება გადაადგილებულიყო სამხrეთ ოსეთში“, და რომ „პოლონეთი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს მართავენ რუსი აგენტები, შესაძლებელია, მისი მრჩევლებიდანაც კი.“ ვიტალი ლეიბინი ამბობს:

„მე შოკში ჩავარდი ამ დოკუმენტების წაკითხვისას, იმის გამო, თუ რეალურად, რა ცოტა მოკავშირე გვყოლია რუსეთს. ასევე, 2008 წლის აგვისტოში ძალიან ახლოს ვიყავით ნატოს უფრო გაბედულ მოქმედებებთან.

ჩვენ, რუსეთი, უნდა ვიყოთ, პირველ რიგში გერმანიის მადლობელი, მიუხედავად იმისა, რომ მათი საჯარო პოზიცია ამერიკელების პოზიციისგან დიდად არ გასხვავდებოდა, ნატოში საიდუმლო მოლაპარაკებებით გერმანიამ მოახერხა საკუთარი კოალიციის შექმნა, რომელიც რუსეთთან უფრო ფრთხილი მოქმედებების მომხრე იყო.

ასევე ცხადია და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ყველა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, პოლონეთმაც და ბალტიის ქვეყნებმაც კარგად იცოდნენ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. ეს, იცოდნენ ამერიკელებმაც, ტეფტი, საქართველოში ელჩი, ჯერ კიდევ 7 აგვისტოს ატყობინებს სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ ჯარები გადაადგილდებიან სამხრეთ ოსეთის საზღვრისკენ“

„ვიკილიქსის“ ვებ-პორტალი, ინტერნეტ სივრცეში ყველაზე დიდი თავისუფალი ენციკლოპედიის „ვიკიპედიის“ ნაწილია და ის 2006 წლის დეკემბერში დაარსდა. ამ ქსელის ნოუ-ჰაუ იმაში მდგომარეობს, რომ ვებზე ინფორმაციის განთავსება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

დაარსებიდან დღემდე „ვიკილიქსმა“ მილიონზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელსაც არაერთი სკანდალი მოჰყვა. „ვიკილიქსი“ არასოდეს ამჟღავნებს საკუთარ წყაროებს, თუმცა როგორ წესი, აქ გამოქვეყნებული მასალების სანდოობაში ეჭვი არ შეაქვთ.ცნობილია, რომ „ვიკილიქსი“ რიგ შემთხვევებში, წყაროებს ფულსაც უხდის.

ჯულიან ასანჟი
ჯულიან ასანჟი

„ვიკილიქსის“ დამაარსებელი 39 წლის ავსტრალიელი პროგრამისტი ჯულიან ასანჯია. მას მესამე კვირაა შვედეთის პროკურატურა გაუპატიურების ბრალდებით ეძებს, ხოლო გაზეთმა "გარდიანმა" ჯულიან ასანჯი 2010 წლის ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა.

XS
SM
MD
LG