ლონდონში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა სცადა. დილომატიურმა მისიამ რუსეთის შიდა საქმეში ჩარევად ლონდონის მიერ იმ პირებისთვის სანქციების დაწესება მიიჩნია, რომლებიც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ.
„რუსეთის ექვსი მოქალაქის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწესების შესახებ, ბრიტანეთის ხელისუფლების ბოლო გადაწყეტილებას, რუსეთის საშინაო საქმეებში დაუშვებელი ჩარევის მცდელობად მივიჩნევთ“ - ნათქვამია რუსეთის საელჩოს მიერ, „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განხადებაში.
ასევე ნახეთ: რუსეთის სააპელაციო სასამართლომ კარა-მურზა 25 წლით პატიმრობაში დატოვაბრიტანეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ექვს მოქალაქეს, მოგზაურობის აკრძალვა დაუწესა. მიიღო მათი აქტივების გაყინვის გადაწყვეტილებაც. მათ შორის სამი მოსამართლეა. მას შემდეგ, რაც კარა-მურზა რუსეთის სააპელაციო სასამართლომ 25-წლიან პატიმრობაში დატოვა, ბრიტანეთმა განაცხადა, რომ პროცესი „პოლიტიკურად მოტივირებული“ იყო.
კარა-მურზა რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად, ასევე ფლობს ბრიტანეთის მოქალაქის პასპორტსაც და ვლადიმირ პუტინის აქტიური კრიტიკოსია. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ის რუსეთში დაბრუნდა. დაკავებამდე კარა-მურზამ ამერიკულ ტელეკომპანია „სი-ენ-ენს“ ინტერვიუ მისცა და პუტინის მთავრობა „მკვლელ რეჟიმად“ მოიხსენია. ინტერვიუდან რამდენიმე საათში ის დააკავეს.
კარა-მურზა რუსულ პოლიტიკაში წლების წინ ბორის ნემცოვთან ერთად გამოჩნდა, რომელიც 2015 წელს, მოსკოვის ცენტრში მოკლეს. კარა-მურზა ამტკიცებდა, რომ ის 2015 და 2017 წლებში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა მოწამლა. კარა-მურზა მოწამვლაში ბრალს რუსეთის ხელისუფლებას სდებს. კრემლი კი ოპოზიციონერზე თავდასხმის და პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ ბრალდებებს უარყოფს.