რუსი იარაღის დილერი, რომელიც გასულ დეკემბერში ამერიკელი კალათბურთის ვარსკვლავის ბრიტნი გრინერის სანაცვლოდ პატიმრების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს, რუსეთის რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოში ულტრამემარჯვენე პარტიის კანდიდატად აირჩიეს. აღნიშნულს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია" იტყობინება.
ვიქტორ ბუტმა, რომელსაც "სიკვდილის ვაჭარს" უწოდებდნენ, შეერთებული შტატებში, საპატიმროში 10 წელი დაჰყო. მას იარაღით ვაჭრობის ბრალდებით, 25-წლიან პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
"რია" რუსეთის ულტრანაციონალისტური
„ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ბუტი წარდგენილია ცენტრალური რუსეთის, ულიანოვსკის ოლქის საკანონმდებლო ასამბლეის კანდიდატად.
ბუტი ამერიკელმა აგენტებმა 2008 წელს ტაილანდში ოპერაციისას დროს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მას მიიჩნევს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ იარაღის დილერად. ის ათწლეულების განმავლობაში აწვდიდა იარაღს ტერორისტებსა და ამერიკის მტრებს მთელს მსოფლიოში. ბუტი ბრალდებებს უარყოფს.
გრინერს, რომელიც ოლიმპიური ოქროს მფლობელია, 2022 წელს რუსეთში ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა კანაფის ზეთის შემცველი ელექტრონული მოსაწევი მოწყობილობის ფლობისთვის, რომელიც რუსეთში აკრძალულია. სასამართლო პროცესი ვაშინგტონმა შეაფასა, როგორც ფარსი. შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ გრინერმა სპორტული კარიერა განაახლა.
ბუტი „ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას“ რუსეთში დაბრუნების შემდეგ შეუერთდა. სახელის მიუხედავად, პარტია ულტრამემარჯვენე, ულტრანაციონალისტური შეხედულებებისაა და მტკიცედ უჭერს მხარს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ომს უკრაინაში.
ასევე ნახეთ: რუსეთმა წელს 3 ამერიკელი პატიმარი გაუშვა, კიდევ ვინ რჩება რუსეთის ციხეებშიპარტიამ მანამდე შეიკედლა ანდრეი ლუგოვოი, რომელიც ბრიტანეთში 2006 წელს სუკის ყოფილი ოფიცრის და პუტინის კრიტიკოსის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობისთვის იძებნება. ლუგოვოი 2007 წლიდანაა რუსეთის ეროვნული პარლამენტის წევრი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან“.