მესამე დღეა მოსკოვი აცხადებს, რომ მის კურსკის რეგიონში უკრაინის ჯარები შეიჭრა და ბრძოლას აწარმოებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას, ოფიციალურად, ამ დრომდე არ ადასტურებს. რუსი ოფიციალური პირების მტკიცებით, დაახლოებით 1000 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს, გამთენიისას, ტანკებითა და ჯავშანტექნიკით შეიჭრა, რომელთა საჰაერო თავდაცვას დრონები უზრუნველყოფდა.
მძიმე ბრძოლები დაფიქსირდა ქალაქ სუჯას მახლობლად, საიდანაც უკრაინაში რუსული ბუნებრივი აირი მიედინება. ამან ევროპაში სატრანზიტო ნაკადების შესაძლო შეწყვეტის გამო შეშფოთება გამოიწვია. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გაზის სატრანზიტო მარშრუტი კვლავ ფუნქციონირებს.
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევი "დიდ პროვოკაციას" აქყობს. კურსკის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ ათასობით მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა.
თეთრმა სახლმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა წინასწარ არ იცოდა, გეგმავდა თუ არა უკრაინა რუსეთის რეგიონზე თავდასხმას და დამატებით დეტალებს კიევისგან მოიძიებს. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მეტწილად, კიევი თავისი სამხედრო ოპერაციების გეგმებს, ვაშინგტონს არ უთანხმებს.
ასევე ნახეთ: კურსკში ვითარება კვლავ დაძაბულიარუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ არმიამ და უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) შეაჩერეს უკრაინის წინსვლა და ებრძვიან უკრაინულ დანაყოფებს კურსკის რეგიონში.
უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირები, კურსკის მოვლენებზე დუმან. თუმცა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხუთშაბათს, უკრაინის არმიის „გაოცების“ და შედეგების მიღწევის უნარი შეაქო. მას პირდაპირ კურსკზე არ მიუთითებია.
ზოგიერთმა რუსმა ბლოგერმა თქვა, რომ უკრაინის ძალები კურსკის ატომური ელექტროსადგურისკენ მიდიან, რომელიც სუჯადან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 60 კმ-ში მდებარეობს. პრორუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა საბჭოთა ეპოქის ატომური სადგურიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, რომელიც სამხრეთ რუსეთის დიდ ნაწილს ენერგიით ამარაგებს.