დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ავიაციამ, უკრაინის ორ დასავლეთ რეგიონსა და ქალაქ ლვივზე ავიადარტყმები განახორციელა.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ლვივზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.

თხუთმეტი ადამიანი დაიჭრა ლვივის რეგიონში, განაცხადა გუბერნატორმა მაქსიმ კოზიცკიმ. ექვსმა რაკეტამ დააზიანა ათობით შენობა და საბავშვო ბაღის მოედანი რეგიონის დედაქალაქში და მის გარშემო. კოზიცკის თქმით, ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 10 წლის იყო.

ასევე ნახეთ: აშშ უკრაინას დამატებით 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას უგზავნის

რუსულ თავდასხმას ასევე მსხვერპლი მოჰყვა ჩრდილო-დასავლეთ ვოლინის რეგიონში. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსული თავდასხმის სამიზნე, რეგიონალურ ცენტრ ლუცკში, სამრეწველო საწარმო იყო. გუბერნატორ იული პოლულიაიკომის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

ერთ-ერთი ინდუსტრიული საწარმო, რომელზეც რუსულმა საჰაერო ძალებმა იერიში განახორციელა, შვედური კომპანიის საკუთრებაა. კომპანიამ განაცხადა, რომ რუსულ თავდასხმას, ლუცკში მდებარე საწარმოს 3 თანამშრომელი ემსხვერპლა.

ვოლინიც და ლვივიც პოლონეთს ესაზღვრება და ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრითაა დაშორებული.

„ბავშვები ძალიან შეშინებულები იყვნენ. ისინი ისტერიკაში იყვნენ, კანკალებდნენ. ერთ-ერთ მათგანს შიშისგან პირღებინებაც კი ჰქონდა", - თქვა ლვივის მცხოვრებმა, დიმიტრო ივაშიშინმა საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის წინ, სადაც რუსული დარტყმის შემდეგ, მაშველები ნანგრევებში ადამიანების გადარჩენას ცდილობდნენ. „მადლობა ღმერთს, ყველა ცოცხალი ვართ“ - თქვა მან.

პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ სამშაბათის თავდასხმების შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოები, რვა რეგიონში.

ასევე ნახეთ: კიევი აცხადებს, რომ ფრონტზე გარკვეული წარმატება აქვს


„რუსების ყოველდღიურ ტერორს ერთი მიზანი აქვს: გატეხოს ჩვენი საბრძოლო სულისკვეთება“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრიი იერმაკი Telegram-ზე, „ეს არ მოხდება“ - ამბობს ის.

უკრაინის საჰაერო ძალების განაცხადებით, რუსეთმა 28 ფრთოსანი რაკეტა გაისროლა და მათგან 16 ჩამოაგდეს. სპიკერმა იური იჰნატმა უკრაინულ ტელევიზიას განუცხადა, რომ შემომავალი რაკეტები მუდმივად ცვლიდნენ კურსს, რათა საჰაერო თავდაცვას მათი ჩამოგდება ვერ მოეხერხებინა.

საჰაერო თავდაცვის სპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინას 100%-იანი შედეგი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი მას F16 ტიპის თვითმფრინავებს გადასცემდა. 11 ქვეყნის კოალიცია, ამ თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების გაწვრთნას, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში დაიწყებს.