რუსეთმა უკრაინა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების საბოტაჟში დაადანაშაულა. მოსკოვი ირწმუნება, რომ უკრაინა გემების ფლობელებს ახალი გემების დასარეგისტრირებლად და ინსპექტირების ჩასატარებლად ქრთამს სძალავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოთქმულ ბრალდებებზე კიევს კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია. მოსკოვს კიევის მიმართ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. კიევი კი, შეთანხმებასთან დაკავშირებულ პრობლემებში, მოსკოვს ადანაშაულებს.
ასევე ნახეთ: შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება შესაძლოა ჩაიშალოს - კიევიორივე ქვეყანა აცხადებს, რომ გაეროს და თურქეთის შუამდგომლობით ივლისში გაფორმებული შეთანხმება ჩაშლის პირასაა. შეთანხმება უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური მიღწევა იყო. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალებმა უკრაინის პორტების ბლოკადა შეძლო, რამაც 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი შეაფერხა მანამ, სანამ კონკრეტულ პირობებზე შეთანხმების შედეგად, მიმოსვლა არ აღდგა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სტამბოლში ბაზირებულ "გაერთიანებული კოორდინაციის ცენტრს", რომელიც შეთანხმებას ზედამხედველობს, ახალი გემების რეგისტრაციასთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებით სირთულეები აქვს.
"პრობლემები წარმოიშვა უკრაინის წარმომადგენლების, ისევე როგორც, გაეროს წარმომადგენლების ქმედებების შედეგად, რომლებსაც, როგორც ჩანს, არ სურთ ან არ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა“, - თქვა ზახაროვამ.
იმავე განცხადებაში, ზახაროვამ უკრაინა შეთანხმების კომერციული მოგების გაზრდის მიზნით, პროცედურული სირთულეების შექმნაში დაადანაშაულა და თქვა, რომ გემის მფლობელებს, რომლებიც ქრთამის გადახდაზე უარს ამბობენ, ახალი გემების დასარეგისტრირებლად, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ლოდინი სჭირდებათ.
რუსეთი და უკრაინა მსოფლიოს ორი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო მწარმოებელია და მთავარი მიმწოდებლები არიან ხორბლის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირის თესლისა და მზესუმზირის ზეთის ბაზრებზე. რუსეთი ასევე დომინირებს სასუქების ბაზარზე. დასავლეთის დემოკრატიულმა ქვეყნებმა რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მკაცრი სანქციები დაუწესეს. თვეების განმავლობაში, მოსკოვი მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის პარალელურად, მის მიმართ სანქციების შემსუბუქების აუცილებლობაზეც საუბრობდა.