ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი დონალდ ტრამპის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დიდი შვიდეულის სამიტის დასასრულს თქვა, რომ "სწორი გარემოებების" შემთხვევაში, ის ირანის ლიდერთან მოლაპარაკებებზე უარს არ იტყოდა. ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს ბირთვული პროგრამის განვითარება.
ჰასან როჰანი კი ამბობს, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე, ამერიკამ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას და მისი ქვეყნის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები გააუქმოს. როჰანის თქმით, თეირანმა დაამტკიცა, რომ მას არ აქვს ბირთვული იარაღის შექმნის სურვილი და სწორედ ამიტომ სანქციები "უკანონო, გაუმართლებელი და უსამართლოა".
დონალდ ტრამპმა ფრანგ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ "დიდი შანსებია" იმისა, რომ მომდევნო კვირებში როჰანისთან შეხვედრა და მოლაპარაკებები შედგეს. საუბარია ახალი შეთანხმების მიღწევაზე ირანთან. ე.წ. ირანის ბირთვული შეთანხმება ამერიკამ, ტრამპის გადაწყვეტილებით, გასულ წელს დატოვა. ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ ირანი გამუდმებით არღვევდა მის პირობებს. "ვფიქრობ, ირანს ენდომება, რომ შევხვდეთ", - თქვა ტრამპმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს და სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ ორივე მხარისგან არის ფრთხილი მზაობის ნიშნები, რომლის მიხედვითაც, შეხვედრის შესაძლებლობა არსებობს. მაკრონი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საფრანგეთი, 2015 წლის შეთანხმების სხვა ხელმომწერ ქვეყნებთან ერთად, საკუთარ როლს შეასრულებს.
შეთანხმებას 2015 წელს ამერიკისა და ირანის გარდა ხელი მოაწერეს: ბრიტანეთმა, გერმანიამ, ევროკავშირმა, ჩინეთმა და რუსეთმა.