რესპუბლიკური პარტიიდან ამერიკის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ტიმ სკოტი ერთვება. იმისათვის, რომ სკოტმა რესპუბლიკელები 2024 წელს არჩევნებზე წარმოადგინოს, მან შიდაპარტიულ ბრძოლაში სხვა კანდიდატები უნდა დაამარცხოს. ასეთი ამ ეტაპზე რამდენიმეა, ყველაზე ძლიერი მეტოქე დონალდ ტრამპია, რომელიც უკვე აქტიურად აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას. ტრამპმა გასული წლის ნოემბერში თქვა, რომ სურვილი აქვს 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
ტიმ სკოტი ამ დროისთვის ერთადერთი შავკანიანი რესპუბლიკელი სენატორია და ის ამერიკის სენატში სამხრეთ კაროლინას წარმოადგენს. სენატორი სკოტი და მისი გუნდი ოფიციალურ კამპანიაში 22 მაისიდან ჩაერთვებიან, მანამდე კი მან 19 მაისს ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. სენატორის გუნდმა უკვე მიმართა ამერიკის ფედერალურ საარჩევნო ორგანოსაც.
ასევე ნახეთ: რესპუბლიკელი სენატორი ტიმ სკოტი საპრეზიდენტო მარათონში ერთვებასააგენტო „როიტერისა“ და „იფსოსის“ კვლევების თანახმად, სკოტს რეგისტრირებული რესპუბლიკელი ამომრჩევლის 1 პროცენტი უჭერს მხარს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სენატორისთვის მხარდაჭერის მოპოვებისთვის ბრძოლა რთული იქნება, რადგან დონალდ ტრამპს პარტიაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. „როიტერისა“ და „იფსოსის“ კვლევების მიხედვით რეგისტრირებული რესპუბლიკელების 49 პროცენტი დონალდ ტრამპს უჭერს მხარს.
რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობისთვის იბრძვის ნიკი ჰეილიც, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაეროში ამერიკის ელჩის თანამდებობას იკავებდა.
სააგენტო "როიტერი" სანდო წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთვება ფლორიდის გუბერნატორიც, რონ დესანტესიც.
დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი კი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ჯო ბაიდენი იქნება. ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ოფიციალური განაცხადი რამდენიმე კვირის წინ გააკეთა.
Your browser doesn’t support HTML5
არ არის გამორიცხული 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, ფინალურ ბრძოლაში თეთრი სახლისთვის ერთმანეთის წინ კვლავ დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი აღმოჩნდნენ.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპიც და ბაიდენიც მეორე ვადით შეეცდებიან დაიკავონ თეთრი სახლი. 2020 წლის არჩევნებში რესპუბლიკელი კონკურენტი დემოკრატმა ჯო ბაიდენმა დაამარცხა.