პუტინი მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების გადახედვაზე საუბრობს

ვლადიმირ პუტინი ეკონომიკურ ფორუმზე. ვლადივoსტოკი, 2022 წლის 7 სექტემბერი.

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ კიევმა და დასავლეთმა, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ მიღწეული შეთანხმება, განვითარებადი ქვეყნებისა და რუსეთის მოსატყუებლად გამოიყენა. ამიტომ, პუტინს გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ხელახალი განხილვა სურს.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინა და დასავლეთი შეთანხმებას არღვევს და მარცვლეულის დიდი ნაწილი, ღარიბი ქვეყნების ნაცვლად, ევროკავშირის ქვეყნებში მიდიოდა.

ასევე ნახეთ: "გაზპრომი": "გაზის მიწოდება არ განახლდება, ვიდრე გერმანია მილსადენს არ გაარემონტებს"

„მე შევხვდი აფრიკის კავშირის ლიდერებს, აფრიკის ქვეყნების ლიდერებს და დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდით მათი ინტერესების უზრუნველსაყოფად და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის გასაადვილებლად“ - განაცხადა პუტინმა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მიმდინარეობს.

„ჩვენ პატივს ვცემთ შეთანხმებას, მაგრამ გამოდის, რომ მათ [დასავლეთმა] თაღლითურად მოგვატყუეს - არა მხოლოდ ჩვენ, არამედ უღარიბესი ქვეყნებიც, რომელთა ინტერესებიც ამ ყველაფრის საბაბი იყო“ - აცხადებს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტის კრიტიკა აჩენს შიშს, რომ ახალი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გაეროსა და თურქეთის შუამავლობის შედეგად დადებული შეთანხმება ჩაიშლება.

ასევე ნახეთ: ფაულერი: საქართველო ორმაგ ტვირთს ატარებს - არასაიმედო რუსულ ხორბალზე დამოკიდებულებას და ფქვილში მაღალი ფასის გადახდას

უკრაინა აცხადებს, რომ შეთანხმების პირობები მკაცრად დაცულია და მასზე ხელახალი მოლაპარაკების საფუძველი არ არსებობს.

შეთანხმებამ, რომელზეც მხარეებმა ხელი ინდივიდუალურად, გაეროსთან და თურქეთთან ერთად მოაწერეს, ხელი შეუწყო უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს. დასრულდა რუსული ბლოკადა, შავ ზღვაზე საექსპორტო დერეფანი შექმნა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან, საექსპორტოდ გამზადებული უკრაინული მარცვლეული, რუსეთის მხრიდან დაბლოკილი იყო.

ასევე ნახეთ: ლავროვი: "დასავლეთი არ იცავს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს რუსეთის სურსათის ექსპორტს"

ამ საკითხზე გუშინ განცხადება გააკეთა სერგეი ლავროვმაც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასავლეთი დადებულ პირობას არღვევს, რადგან არ შეუმსუბუქებია სანქციები, რათა რუსეთისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების საზღვარგარეთ გატანა გაემარტივებინა.

„ჩვენი დასავლელი კოლეგები არ აკეთებენ იმას, რისი პირობაც გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან მივიღეთ. ისინი არ იღებენ ლოჯისტიკური სანქციების მოხსნის გადაწყვეტილებას, რაც მსოფლიო ბაზარზე რუსული მარცვლეულისა და სასუქის წვდომას აფერხებს“ - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

მოსკოვი აცხადებს, რომ დასავლური სანქციები ართულებს ვაჭრობას და ტანკერების დაზღვევის პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები პირდაპირ არ არის მიმართული რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტზე.

უკრაინიდან სურსათის ექსპორტის ბლოკადის მოხსნა კვლავ რჩება ერთადერთ მნიშვნელოვან დიპლომატიურ მიღწევად, რომელზე შეთანხმებაც უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ექვსთვიანი ომის განმავლობაში მოხერხდა. უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის უმნიშვნელოვანესი მიმწოდებელია. ქვეყნიდან ექსპორტის შეზღუდვა არაერთ ქვეყანას შიმშილის საფრთხოეს უქმნიდა.