რუსეთი ჰოლივუდის ვარსკვლავებს სანქციებს უწესებს. კრემლის სამიზნე ამჯერად მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი გახდნენ. ისინი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს სანქციების ახალ სიაში ამერიკის 25 მოქალაქე შეიყვანა - ძირითადად პოლიტიკოსები, სავაჭრო სფეროს წარმომადგენელი ოფიციალური პირები, ინდუსტრიულ სფეროში აღმასრულებელი პირები. სანქციები რუსეთში შესვლის აკრძალვასაც ითვალისწინებს.
სტილერი და პენი უკრაინის აქტიური მხარდამჭერები არიან და ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირადადაც შეხვდნენ. ტელევიზიით გაშუქებული შეხვედრისას, ბენ სტილერმა უკრაინის პრეზიდენტს მისი გმირიც კი უწოდა. ორგზის ოსკაროსანი შონ პენი 24 თებერვალს უკრაინაში დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდა მაშინ, როცა ქვეყანაში რუსეთის ძალები კიდევ ერთხელ შეიჭრნენ. ის იძულებული იყო, მილიონობით უკრაინელის მსგავსად, დასავლეთით გაქცეულიყო. ომის პირველივე დღეებში მან პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა. უკრაინაში კი ივნისში დაბრუნდა და პრეზიდენტს შეხვდა. შონ პენი რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ბუჩასა და ირპინშიც ჩავიდა. უკრაინული მხარე რუსულ ძალებს ამ ქალაქებში ომის დანაშაულების და სხვა სისასტიკის ჩადენაში ადანაშაულებს. ზელენსკიმ შონ პენს მადლობა საჯაროდ გადაუხადა.
რუსეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია ამერიკის ვაჭრობის მდივანიც ჯინა რაიმონდო და მისი 4 მოადგილე, ასევე 6 ამერიკელი სენატორი.