პრეზიდენტი ზურაბიშვილი: დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

დიდგორის ბრძოლის 900-ე წლისთავთან დაკავშირებული სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია და აუცილებელია, ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში, თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ერთობისთვის აუცილებელია მართლმადიდებელმა ეკლესიამ საკუთარი მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. „ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა. მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც, აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების არჩევანის და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა. დღესაც დგას, თუმცა, დღეს, კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება. ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი. ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა, მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ. ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებლები“, თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, რომელიც ემუქრება მოსახლეობას, მაშასადამე სახელმწიფოს, რომელმაც ჩვენი 6278 მოქალაქე უკვე იმსხვერპლა. ნუთუ ეს ამ მცირერიცხოვანი ერისთვის არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს“ - თქვა პრეზიდენტმა.

მან ასევე დასძინა, რომ „დიდგორი დღესაც ჩვენი მოსაგებია, თუნდაც, არ იყოს საომარ ველზე. ჩვენ ნამდვილ ბრძოლაში ვიმყოფებით. ამ ბრძოლაში, როგორც 900 წლის წინ, უნდა ვიყოთ წინდახედულნი, გამბედავნი და ერთად შეკრულნი. სამწუხაროა, რომ ეს საკითხიც კი გახდა ნიშნის მოგების, პოლიტიზირების, ერის დაპირისპირების საგანი. სრულიად მიუღებელია, რომ გარედან, კომფორტში მყოფი ზოგი ვითომ პოლიტიკოსი ბედავს და ცილსწამებს, შეურაცხყოფას აყენებს იმ მედიცინის სამყაროს თავდადებულ პიროვნებებს, რომლებმაც გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, წელიწადნახევარზე მეტია მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას. დღეს, ესენი არიან ჩვენი დიდგორისეული გმირები და დიდად პატივსაცემი პროფესიონალები. მათ უნდა ვუთხრათ მადლობა. აქაც, როგორც ყველა დიდი გამოწვევის წინაშე, მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის ერთობა“.