რაც უფრო აქტიურდება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი, მით უფრო საგრძნობია პოლიტიკური რყევების ინტენსივობა მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“. კოალიციის გამსვლელი სიის ძირითად მონახაზზე მუშაობა მარტში უნდა დასრულდეს. უკვე აპრილის ბოლოსთვის კი, სიის საბოლოო ვარიანტი „ქართული ოცნების“ ყრილობაზე იქნება წარდგენილი.
კოალიციის ორი სუბიექტის: „მრეწველებისა“ და „რესპუბლიკელების“ ბოლოდროინდელი ღია დაპირისპირება, ნათლად აჩენს იმ მწვავე პრობლემებს, რომელიც სიის ფორმირების პროცესს ახლავს თან. მეორე კვირაა მრეწველების უცვლელი ლიდერი თოფაძე ღიად ესხმის თავს თავდაცვის მინისტრ ხიდაშელსა და რესპუბლიკელების ორ გამორჩეულ ფიგურას: პარლამენტარ ძმებს - ბერძენიშვილებს.
ბრალდებები მრავალფეროვანია: „საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებიდან დაწყებული“, სადაც დეპუტატი მინისტრს „ჯარისკაცების ხმებით მანიპულაციაში ადანაშაულებს“, ისე, დისიდენტობის დროს, „საბჭოთა სუს-თან თანამშრომლობის ფაქტები“.
ის, რომ თოფაძემ ეს „კომპრომატები“ პოლიტიკურ პარტნიორებზე მხოლოდ ახლა “აღმოაჩინა” და რესპებიც ახლაღა „მიხვდნენ“ რომ საპნის ქარხნის ყოფილი წითელი დირექტორი თურმე ევროინტეგრაციის „მტერია“, პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის აზრით, კოალიციის შიგნით მიმდინარე საარჩევნო სიაში გამსვლელი ადგილებისთვის მძიმე ბრძოლის გამოძახილია.
„კოალიციის უმრავლესობისთვის რესპუბლიკური პარტია არის უცხო სხეული. ისევე როგორც, რესპუბლიკელებისთვის დანარჩენი კოალიცია არის უცხო სხეული. რა აკავშირებთ, რა აერთიანებთ მათ? აერთიანებთ, ბიძინა ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირება, იმიტომ რომ იციან - დამოუკიდებლად პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების რესურსი არა აქვთ. ამიტომ ყველა ხერხით ცდილობენ, შეინარჩუნონ ამ პოზიციაში ადგილი და კიდევ უფრო გაიფართოვონ, თუ ამის შანსი მიეცათ.
„კოალიციის უმრავლესობისთვის რესპუბლიკური პარტია არის უცხო სხეული. ისევე როგორც, რესპუბლიკელებისთვის დანარჩენი კოალიცია არის უცხო სხეული.გია ხუხაშვილი
როგორც ჩანს, რესპუბლიკელებს აქვთ ეს ამბიცია, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნის მიერ გაცხადებულ სტრატეგიული - ევროინტეგრაციის კურსთან მხოლოდ ისინი ასოცირდებიან კოალიციაში და დანარჩენ სუბიექტებს არც კომპეტენცია აქვთ და არც მაინცდამაინც, სახელმწიფოებრივ განვითარებასთან მსოფლმხედველობრივი თანხვედრა, შესაბამისად, რესპუბლიკელები დღეს ითხოვენ ტორტის უფრო მოზრდილ ნაჭერს.“
კოალიცია „ქართული ოცნების“ ფორმირებიდან, გუშინ 21 თებერვალს, ზუსტად ოთხი წელი შესრულდა. 2012 წელს, მაშინ მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ახლად დაფუძნებული პარტიის „ქართული ოცნების“ კოალიციურ პარტნიორებად: რესპუბლიკელები, ეროვნული ფორუმი და თავისუფალი დემოკრატები დაასახელა. მოგვიანებით, კოალიციას ასევე მიეკედლნენ: მრეწველები, კონსერვატორები, ხალხის პარტია, ქალთა პარტია, მწვანეთა პარტია და სოციალ-დემოკრატები.
ორივე გენერალური ამოცანა ეკლექტურმა კოალიციამ წარმატებით გადაჭრა: 2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლებას ჩამოაშორა „ნაციონალური მოძრაობა“ და 2013 წელს, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, ახალი პრეზიდენტად მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი - გიორგი მარგველაშვილი აირჩიეს.
ბოლო ოთხ წელიწადს, „ქართულ ოცნებაში“ მცირე, საშუალო და დიდი ზომის რყევების გარეშე არ ჩაუვლია. რღვევა დაიწყო 2013 წელს, ხალხის პარტიის ლიდერის წასვლით (რომელიც ასევე რესპებთან დაპირისპირებას შეეწირა), რასაც მოჰყვა პრეზიდენტ მარგველაშვილის დისტანცირება „ქართული ოცნებისგან“.
2014-ში, ეს პროცესი მწვანეთა ლიდერის გასვლით და თავისუფალი დემოკრატების სკანდალური დემარშით გაგრძელდა. თუმცა, არცერთი ეს რყევა დღემდე დამანგრეველი კოალიციური ერთობისთვის არ გამოდგა.
ექსპერტების აზრით, დღეს, სიტუაცია მმართველი კოალიციის შიგნით კიდევ უფრო რთულია. 2012 წლისგან განსხვავებით, 2016-ში უკვე აღარ არსებობს ძლიერი პოლიტიკური მტრის (ნაციონალური მოძრაობის) წინააღმდეგ, „ყველაფრის ფასად“ გაერთიანების აუცილებლობა. შესაბამისად, კოალიციის შიგნით, უკვე სერიოზული პრობლემაა, როგორც ერთიანი პარტიული იდეოლოგიის არარსებობა, ისე მსოფლმხედველობრივად რადიკალური განსხვავებები.
ეს და მომავალი საარჩევნო სიის ქვოტები საკმარისი მიზეზებია, რომ კოალიციის სუბიექტებს შორის, ლამის სიძულვილში გარდამავალი, პოლიტიკური ურთიერთეჭვიანობა არსებობდეს. განსაკუთრებით კი ამბიცია-მომატებული რესპუბლიკური პარტიის მიმართ, რომელიც, კულუარული ინფორმაციით, საარჩევნო სიაში გამსვლელი ადგილების 20 პროცენტს ითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, როგორც „ოცნების“ ახალი ლიდერი, შეეცადა დაეცვა კოალიციური ერთობა, ფაქტია, პრობლემა სისტემურია და „მრეწველები“ რესპუბლიკელების საწინააღმდეგო კამპანიაში, კოალიციაში მარტონი სულაც არ არიან.
კოალიციაში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის, ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაური ღიად ამბობს, რომ რესპუბლიკელებმა სიაში უნდა მიიღონ იმდენი ადგილი, რამდენიც რეიტინგი აქვთ.
„კოალიციის ყველა სუბიექტს უნდა ჰქონდეს მისი რეიტინგის შესაბამისი ადგილების რაოდენობა გამსვლელი სიაში. ყველა იმ პარტიამ, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი მოთხოვნა, ვიდრე მისი რეიტინგია, უნდა დაამტკიცოს, რომ მეტს იმსახურებს.
2016 წლის არჩევნებზე, უნდა გავიდეს დამოუკიდებლად, გადალახოს ბარიერი და შემდეგ უკვე პარლამენტში, კოალიციურ ბლოკში გაერთიანდეს და იქ მოითხოვოს ხელისუფლებას ის ნაწილი, რა ნაწილითაც ხალხი დაუჭერს მხარს და შემოვა ჩვენს ბლოკში. ეს იქნება ყველაზე სამართლიანი.“
რას ამადლიან რესპებს და რა აღიზიანებთ კოალიციურ პარტნიორებს? პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარეა. ბოლო ათი თვეა, რესპუბლიკურ პარტიას მთავრობაში სამი პორტფელი აქვს, მათ შორის, თავდაცვის მინისტრის, რომელიც საგარეო მინისტრზე აქტიურია. რესპები ასევე ფლობენ - ორ მნიშვნელოვან საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის პოსტს, მაშინ როცა საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ათ დეპუტატიანი ფრაქცია აქვთ.
ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში, კოალიციიდან თავისუფალი დემოკრატების სკანდალური წასვლის შემდეგ, დავით ბერძენიშვილმა ბრძანა, რომ სწორედ რესპუბლიკელებმა გადაარჩინეს კოალიცია. ამას მოჰყვა დავით უსუფაშვილის ცნობილი ფრაზა, რომ რესპები კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ყველაზე ბოლოს დატოვებენ. დღეს კი უკვე ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკელების გარეშე კოალიციის მომავალს ვერ ხედავს.