პაუელი: ეკონომიკის აღდგენა შეიძლება ზაფხულში დაიწყოს, მაგრამ ის ნელი იქნება

ამერიკის ფედერალური სარეზერვო, იგივე ცენტრალური ბანკის მმართველმა ჯერომ პაუელმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის ეკონომიკა გამანადგურებელი რეცესიიდან წლის მეორე ნახევარში აღდგენას დაიწყებს და კორონავირუსის მეორე ტალღა არ იქნება. თუმცა მისივე თქმით, სრული აღდგენა სავარაუდოდ შესაძლებელი მანამ არ იქნება, სანამ ვაქცინა არ დამზადდება.

ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა "60 წუთისთვის" მიცემულ ინტერვიუში პაუელმა აღნიშნა, რომ ეკონომიკა ვირუსის უეცარ აფეთქებამდე, რამაც ათეულობით მილიონ ადამიანს სამსახური დააკარგვინა და ბიზნესები გააჩერა, "ფუნდამენტურად ჯანსაღი" იყო, პაუელი ფიქრობს, რომ ვირუსის შეკავებისთანავე, ეკონომიკა მნიშვნელოვნად აღიდგენს ძალებს.

პაუელმა მთლიანობაში დადებითი, ოპტიმისტური განწყობით ისაუბრა, მაშინაც კი, როდესაც თქვა, რომ ეკონომიკის სრულ გაჯანსაღებას ბევრად მეტი დრო დასჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი კოლაფსი გამაოცებელი სისწრაფით მოხდა.

"უფრო გრძელვადიან პერსპექტივასა და საშუალო პერსპექტივაშიც, ამერიკის ეკონომიკის წინააღმდეგ ფსონები არ უნდა დადოთ. ეკონომიკა აღდგება და ეს ნიშნავს, რომ ხალხი დაუბრუნდება სამსახურებს, უმუშევრობა კვლავ დაიკლებს. ჩვენ ამას გადავლახავთ.

პაუელმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის დასუსტების მიზეზი ამ შემთხვევაში დიდი დეპრესიის თუ სხვა კრიზისების მსგავსი არ ყოფილა. პანდემია - საგარეო, გარეშე მიზეზი იყო, რომელმაც ბიზნესის დახურვის საჭიროება მოიტანა. სწორედ ამიტომ, სარეზერვო ბანკის თავმჯდომარის თქმით, ეკონომიკის აღდგენა საკმაოდ სწრაფად მოხდება.