არჩევნების შედეგები სადავოა, ამომრჩეველთა ხმები - მიტაცებული, ასე მიიჩნევს ოპოზიცია, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე სპონტანურ აქციას მართავს. „რომ გითხრათ, ახლა ძალიან დაორგანიზებული ვარ, არა, მაგრამ როგორც ვართ, ისე ვიქნებით,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ტრიბუნაზე რუსთაველიდან. თუმცა მანამ, ვიდრე ეს სიტყვები ითქმებოდა, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. იმდენად, რომ გარკვეულ მომენტში სრულიად უკონტროლო სცენარის განვითარების საშიშროება დადგა.
31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგები ოპოზიციისთვის მიუღებელია. „არჩევნები მოიპარეს“ - ასეთია ოპოზიციის საერთო პოზიცია და ეს განწყობა არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასა და გაერთიანებულ ოპოზიციას ეხება, არამედ ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც მმართველი გუნდის ოპონენტად არის მოაზრებული.
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო საზოგადოებამ რუსთაველზე დღეს საღამოს დაიწყო შეკრება. გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერდა. პოლიტიკურმა ლიდერებმა კი გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით წასვლა და ეს განზრახვა სწრაფადვე მოიყვანეს სისრულეში. იმდენად სწრაფად, რომ სამართალდამცავებმა სოლოლაკის ბიზნეს-ცენტრთან მობილიზება საკმარისი რაოდენობით ვერ მოასწრეს. მომიტინგეებმა ივანიშვილის რეზიდენციასთან ახლოს შეძლეს მისვლა, ფაქტობრივად, მის შესასვლელთან. აქციის მონაწილეების რაოდენობა აქ სოლიდური გახლდათ და დიდი სიმჭიდროვეც იგრძნობოდა. ერთი მოქალაქე სივიწროვეში შეუძლოდაც კი გახდა და მოსულიერება დასჭირდა.
სოლოლაკში მსვლელობის პარალელურად, აქცია გრძელდებოდა რუსთაველზეც და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო საზოგადოება ორივე ფლანგს გაამაგრებდა, დარჩებოდა სოლოლაკში რეზიდენციასთანაც და რუსთაველზე - პარლამენტის წინაც, თუმცა ვითარება განსხვავებულად განვითარდა. სოლოლაკში ფეხით ასულმა ოპოზიციის ლიდერებმა გიგი უგულავამ და ნიკა მელიამ, მას შემდეგ, რაც რეზიდენციასთან, დაახლოებით, ერთი საათი დაჰყვეს, რუსთაველზე დაბრუნების თაობაზე გააკეთეს განცხადება.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ აქციები არ შეწყდება. მათ რუსთაველზე კარვების გაშლაც დაიწყეს, თუმცა ეს პროცესი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. სამართალდამცავები ცდილობდნენ ხელი შეუშალათ და აღეკვეთათ კარვების განთავსება რუსთაველზე.
„თავისუფალი ხალხი ითხოვს თავისუფალ არჩევნებს. ხალხი ბევრს იტანდა, იტანდა ბიძინას ტყუილებს მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი ელოდებოდა არჩევნებს ცვლილებებისთვის. ეს ცვლილებები საჭიროა კრიმინალთან ბრძოლისთვის, ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის… მაგრამ ბიძინამ ხალხს გაუყალბა არჩევნები. ხალხის ენერგია არის წყალივით. წყალს რაც არ უნდა კედლები აუშენო, მაინც იპოვის გამოსავალს“,- ამბობს გიგი უგულავა.
მიტინგი რუსთაველზე დღეს პოლიტიკური დაუმორჩილებლობის საგულისხმო აქტით დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, რომელიც ეგრეთ წოდებული, გავრილოვის ღამის შემდეგ ელექტონულ სამაჯურს ატარებდა და ამის გამო საპატიმროშიც მოხვდა, ის საჯაროდ მოიხსნა და გადააგდო. „მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას, გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო! ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ! ზუსტად ვიცი, ვიჯდები ციხეში, თუ ვიქნები გარეთ, თქვენთან ერთად, ერი გაიმარჯვებს! მე ვერ მოვთხოვ დედაჩემს, მე ვერ მოვთხოვ ჩემს მეგობარს, ჩემი ოჯახის წევრს, წამოდი, ვიბრძოლოთ, მაშინ, როდესაც მე თვითონ ვარ სამაჯურშებმული. ამიტომ, ნახვამდის სამაჯურო“,- ასეთი განცხადებით დაემშვიდობა ნიკა მელია ელექტრონულ სამაჯურს.
ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა შეფასების გარეშე არ დარჩენილა. პრო-სახელისუფლებოდ მოაზრებულ მედია საშუალებებში ითქვა იმის შესახებ, რომ მელიას ქმედება კანონდარღვევაა, რასაც სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
31 ოქტომბრის არჩევნები ეუთო/ოდირის დამკვირვებლებმა შეაფასეს: „მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, მიუხედავად ამისა, ამომრჩევლებზე ზეწოლა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილმა ზღვარმა შეამცირა საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ... ჩვენ ვაკვირდებოდით არჩევნებს რამდენიმე უბანზე. ისევე როგორც საპარლამენტო ასამბლეის პარტნიორებმა, ჩვენც დავაფიქსირეთ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები, ვინც საარჩევნო უბნების გარეთ იდგნენ, რაც დამაშინებელ ეფექტს ატარებდა,“- განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიან სტირკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ეუთოს დასკვნას მმართველი გუნდის წარმომადგენლები გამოიხმაურნენ. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეუთო/ოდირისა და საერთაშორისო მისიების შემაჯამებელი დასკვნით, 31 ოქტომბრის არჩევნები შეფასდა, როგორც კონკურენტული, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. „ანგარიშში ნათქვამია, რომ კოვიდ-19 ის პანდემიის მიუხედავად, საქართველომ შეძლო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ეს გახლავთ საპარლამენტო არჩევნების მთავარი შეფასება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან ჩვენს მიერ ჩატარებული არჩევნების შესაბამისობას განსაზღვრავს. შეფასება გახლავთ გაცილებით პოზიტიური, ვიდრე წინა არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნებშია მოცემული შეფასებები. საუბარია, რომ მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დღესვე განცხადება აშშ-ის საელჩომ გააკეთა საქართველოში, რომლის თანახმად, „ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა". ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.“
ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს აანონსებს და რუსთაველის გამზირზე რჩება. რამდენიმე კარავი აქ უკვე გამზდებულია, სადაც ისინი დღევანდელი ღამის გატარებას აპირებენ. "ამერიკის ხმა" ყურადღებით ადევნებს თვალს თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს არჩევნების შემდგომ და მათ დეტალურად ასახავს.