არჩევნები დასრულდა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ამ დროისთვის აღინიშნოს ისაა, რომ არჩევნებმა, მთლიანობაში, მშვიდობიანად, ფიზიკური დაპირისპირებების გარეშე ჩაიარა. შსს ავრცელებს ინფორმაციას 9 ინციდენტის თაობაზე, როდესაც საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. ადმინისტრაციული წესით კი 10 ადამიანია დაკავებული.
ნეიტრალური დამკვირვებლები ერთხმად აღნიშნავენ ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ დაფიქსირებულ დარღვევებს. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტიული კოორდინატორები, ასევე საჯარო მოხელეები, ამომრჩევლებს აღრიცხავენ. ორგანიზაციამ ასევე დააფიქსირა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები.
არჩევნებზე დაკვირვების მიმართულებით, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია კენჭისყრის პროცედურების დარღვევის თაობაზე, რაც მათმა წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. ასევე აღსანიშნი დეტალი, რის შესახებაც ორგანიზაცია საუბრობს, ზოგადად, დაძაბული ატმოსფეროა, რაც გავლენას ახდენდა ამომრჩევლის ქცევაზე. „დღის განმავლობაში არსებული დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე. ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, რაც შეუძლებელს ხდიდა პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულებას. დარღვევები, ძირითადად, შეეხებოდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას, დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების, ასევე, მედიის საქმიანობის ხელშეშლას, უბანზე არარეგისტრირებული პირების მიერ ხმის მიცემას, მარკირების წესების დარღვევას და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა, ჯამში, 76 საჩივარი, აქედან 43 - უბნის, ხოლო 33 - ოლქის დონეზე“,- ნათქვამია საიას განცხადებაში.
საიას დამკვირვებლებმა აღრიცხეს ამომრჩევლებისთვის თანხის ხელიდან ხელში გადაცემის ფაქტები. ზოგ შემთხვევაში ეს ხდებოდა კენჭისყრის ოთახის მიმდებარედ არსებულ შენობაში, ზოგჯერ კი - იქვე გაჩერებული ავტომანქანიდან. თანხას ამომრჩევლებს გადასცემდნენ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თანხის გადაცემაში, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.
სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის დამკვირვებელი თეონა ფანქველაშვილი, ვინც კონფლიქტის ზონის სოფელ შინდისში საარჩევნო უბანთან გაშლილი სუფრა დააფიქსირა, “ამერიკის ხმასთან” ამბობს: „ადგილობრივად მყოფმა ადამიანმა მითხრა, რომ ეს სუფრა გაშალა წარმოშობით შინდისელმა ბიზნესმენმა, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს რუსეთში, რომელიც კონკრეტულად ამ არჩევნების გამო ჩამოვიდა საქართველოში. სუფრა განკუთვნილი იყო მძღოლებისთვის, ვისაც საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მოჰყავდა. ჩვენ ასევე დავაფიქსირეთ „ქართული ოცნების“ აგიტატორები ეზოში. ისინი ოცნების ხმებს ითვლიდნენ (ამომრჩევლები ტელეფონით აჩვენებდნენ, რომ ნამდვილად შემოხაზეს 41) და შემსვლელ-გამსვლელს აკონტროლებდნენ.“
ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ხმის მიცემის უფლება დაირღვა. კონკრეტულად ამ კატეგორიაში მოხვედრილი მოქალაქეების ზუსტი რაოდენობის თაობაზე ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ეს რიცხვი რომ მცირე არაა, ამას ის გამოხმაურებები და პრეტენზიები მოწმობს, რაც სოციალური ქსელებით ვრცელდება და რაც სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კარანტინში მყოფი ადამიანების ოდენობით შეიძლება ვიგულისხმოთ. მოქალაქეებისთვის, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ და საქართველოში დაბრუნების შემდგომ თვითიზოლაციაში ან კარანტინში არიან, ასევე, კოვიდ-პანდემიის გამო იზოლირებული ადამიანების ნაწილისთვის, ხმის უფლება დაირღვა.
ვერა გოგოხია უცხოეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ოჯახთან ერთად. მან სახელმწიფოს მიერ გაწერილი ყველა წესი დაიცვა და მათ შესაბამისად დარეგისტრირდა იმ მიზნით, რომ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდა, არც ერთი არჩევნები არ გამოუტოვია და ყოველთვის აფიქსირებდა თავის პოზიცის. ამჯერად კი ეს ვერ შეძლო, რის გამოც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.
„მიუხედავად იმისა, რომ პატიოსნად შევამოწმე ცესკოს ვებ გვერდზე, როგორ უნდა დამერეგისტრირებინა ჩემი თავი ,,სპეციალურ სიაში"-,,გადასატაანი ყუთის სიაში", მივყევი იქ მითითებულ ინსტრუქციას - დავრეკე ცხელ ხაზზე, მითითებული ბოლო ვადების გათვალისწინებით, ჩავანიშნინე ჩემი მონაცემები და დღეს მშვიდად ველი ამ ყუთს, თურმე ასე არ არის საქმე! დღეს უცებ ვიგებ, რომ ასე მოდუნებული არ უნდა ვიყო, რადგან კოვიდ-სასტუმროში მყოფი ჩემი მეგობარი იმ კოვიდ სიაში ვერ აღმოჩნდა რაც საარჩევნო კომისიამ იმავე სასტუმროში მიიტანა და ხმა ვერ მისცა, ამ ამბით შეფუცხუნებულ-შეშინებული ვრეკავ ცესკოში, სადაც მეუბნებიან, რომ ჯერ ერთი - სპეც სიაში არ ვარ და მეორეც - საკონსულო აღიცხვაზე ვარ და ხმას ვერ მივცემ. როვა ვეუბნები, რომ მე ხომ დავრეკე და დავრეგისტრირდი ცესკოში წინასწარ, ამაზე მეუბნებიან რომ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გადმოეცა სიაო; ჯანდაცვის სამინისტრო რა შუაშია ან მაშინ ცესკომ რისთვის გამოყო სპეციალური ცხელი ხაზი და ოპერატორები მხოლოდ ამ საქმისთვის, თუ კი ჯანდაცვა აგვარებდა ამ ამბავს? ვრეკავ ჯანდაცვაში, მეუბნებიან , რომ ოჯახის ექიმს უნდა დაერეკაო, ან თქვენ უნდა დაგერეკათ ცესკოსთან საუბრის შემდეგო და შემდეგ ჩვენ ამ სიას ცესკოს გადავცემდითო. როცა ვკითხულობ მე როგორ უნდა მივმხვდარიყავი რომ ოჯახის ექიმისთვის დამერეკათქო (რადგან ჩემი იზოლაცია სამედიცინო მიზეზებით არ არის განპირობებული, არამედ მგზავრობის) ან როგორ მივმხვდარიყავი რომ ჯანდაცვაში დამერეკათქო, მეუბნებიან ცესკოს უნდა ეთქვაო. არადა ცესკოს არ უთქვამს! - წერს ვერა გოგოხია თავის ფეისბუქ გვერდზე.
სამგორის უბნის ამომრჩეველი გიორგი ნუსხელაძე ვირუსის გამო იზოლაციაში იმყოფება. ისიც დარეგისტრირდა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და დღეს მთელი დღის განმავლობაში ელოდა, როდის მივიდოდნენ მასთან გადასატანი ყუთით, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი მოლოდინი ამაოა. „ორჯერ დავრეკე და ცესკომ ჯერ მითხრა, რომ დაგარეგისტრირეთ და მესიჯი მოგივაო, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ჯანდაცვას უნდა გადაეგზავნა სია, თუ რა პროცედურა უნდა გაევლო, მართალი გითხრათ, ზუსტად ვერ მივხვდი. ფაქტი ისაა, რომ ორჯერ დავრეკე, მოვითხოვე არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ გადასატანი ყუთის სიაში არ აღმოვჩნდი.“
ამ დროისთვის 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებული ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ცესკო ეტაპობრივად ტვირთავს ვებგვერდზე უკვე შეჯამებულ ოქმებს. ერთმანეთის კონკურენტი, ორი ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალის, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ერთმანეთის იდენტურ მესიჯებს ავრცელებენ. ორივე მათგანი საუბრობს იმის თაობაზე, რომ არჩევნებში მოგებული თავადაა.
2020 წელი საკმაოდ უჩვეულო აღმოჩნდა. კოვიდ-პანდემიამ თითქმის ყველა ის გეგმა შეჭამა ან შეცვალა, რაც წლის დასაწყისში ჰქონდათ ადამიანებს. 2020-ის ჟამიანობისას გამართულმა არჩევნებმა კი, თავის მხრივ, ჰელოუინის დღესასწაულის გადაყლაპვა მოახერხა. 31 ოქტომბერს ალქაჯებად და სხვა საშიშ პერსონაჟებად გარდასახვის თაობაზე არავის გახსენებია, რადგან ყველა არჩევნებით იყო დაკავებული. თუმცა, მეორეს მხრივ, ამ უკანასკნელი თეზისის სისწორე, შესაძლოა, საკამათო იყოს.
Facebook Forum